საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, გაერო-ს დაარსების 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ღონისძიების ფარგლებში, სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურებს სიტყვით გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტიერეშმა და გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის პრეზიდენტმა, ანალენა ბერბოკმა მიმართეს.
ღონისძიებაზე გაერო-ს მისიისა და საქმიანობის თაობაზე, ასევე ბოლო რვა ათწლეულის მიღწევებზე გამახვილდა ყურადღება.
გაერო-ს დაარსების 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტთან ერთად, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი დავით ბაქრაძე, საქართველოს ელჩი აშშ-ში თამარ ტალიაშვილი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ქეთევან კვინიკაძე დაესწრნენ.
ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ ყაველაშვილი სიტყვით გამოვა გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე. საქართველოს პრეზიდენტი, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიწვევით ასევე დაესწრება ოფიციალურ მიღებას, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტისა და მისი მეუღლის, მელანია ტრამპის სახელით გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის მონაწილე დელეგაციათა მეთაურების პატივსაცემად გაიმართება.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი გამართავს მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს, დაგეგმილია მიხეილ ყაველაშვილისა და გაეროს გენერალური მდივნის ანტონიო გუტიერეშის შეხვედრა.