სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორის მოადგილე ნოდარ ხატიაშვილი და მეცხოველეობისა და საკვებწარმოების დეპარტამენტის სპეციალისტი გიორგი ბეჟანიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და FAO Georgia-ს წარმომადგენლებთან ერთად, სასწავლო ტურით პორტუგალიაში იმყოფებოდნენ.
სასწავლო ტური მეცხოველეობის სერტიფიცირების სისტემის, ცხოველთა მიკვლევადობის, გენეტიკური რესურსების კრიოკონსერვაციის, სანაშენე პროგრამებისა და იშვიათი ადგილობრივი ჯიშების კონსერვაციის მიმართულებით პორტუგალიის გამოცდილების გაზიარება წარმოადგენდა. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა In-vivo და Ex-situ კონსერვაციის პრაქტიკაზე, რომელიც გადაშენების პირას მყოფი ადგილობრივი ჯიშების შენარჩუნებას ემსახურება.
ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს პორტუგალიის სურსათისა და ვეტერინარიის გენერალურ დირექტორატში (DGAV), ასევე, სოფლის მეურნეობისა და ვეტერინარიის ეროვნული კვლევის ინსტიტუტში; დაათვალიერეს სანაშენე ფერმები და ასოციაციები; ადგილზე გაეცნენ ლაბორატორიების მუშაობას.
„სასწავლო ტურის ფარგლებში მიღებული გამოცდილება პორტუგალიის პოლიტიკის, კანონმდებლობისა და მეცხოველეობის მართვის პრაქტიკული მიდგომების გაცნობის კუთხით განსაკუთრებით ღირებული აღმოჩნდა. აქცენტი გაკეთდა ცხოველთა სერტიფიცირების, მიკვლევადობისა და სანაშენე საქმიანობის თანამედროვე სისტემებზე. მიღებული ცოდნა საქართველოში ცხოველთა სერტიფიცირების სისტემის ეტაპობრივ დანერგვას შეუწყობს ხელს, რაც ადგილობრივი ჯიშების დაცვას, სანაშენე საქმიანობის ეფექტურ მართვასა და ფერმერთა შესაძლებლობების გაძლიერებას უზრუნველყოფს“ – აღნიშნა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორის მოადგილემ ნოდარ ხატიაშვილმა.
ვიზიტი განხორციელდა პროექტის „ფერმის მართვის სისტემების განვითარება საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ერთობლივი თანამშრომლობით ხორციელდება. პროექტი მიზნად ისახავს ცხოველთა სერტიფიცირების სისტემის განვითარებას, სანაშენე საქმიანობის ეფექტურ მართვასა და ადგილობრივი გენეტიკური რესურსების დაცვას საქართველოში.