კავკასიაში ევროკომისრის, მარტა კოსის ვიზიტისას საქართველო იგნორირებულია, „ქართული ოცნების“ რეჟიმმა ქვეყანა საერთაშორისო იზოლაციაში მოაქცია, რასაც ადასტურებს ჩეხეთის მიერ დიპლომატიური პასპორტების გაუქმებაც, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, ანა წითლიძემ განაცხადა.
ანა წითლიძის განცხადებით, უახლოეს პერიოდში სანქციების კიდევ უფრო გამკაცრებაა მოსალოდნელი.
-“პირველ რიგში მინდა გამოვეხმაურო ევროკომისრის, მარტა კოსის ვიზიტს კავკასიაში. რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილო, მას ექნება ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები აზერბაიჯანსა და სომხეთში, მაგრამ არ ექნება საქართველოსი. ის ფაქტი, რომ უკვე მერამდენე მაღალი თანამდებობის პირია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიდან ევროპელები იქნებიან თუ ამერიკელები, ჩამოდიან კავკასიაში, აქვთ შეხვედრები აზერბაიჯანში და სომხეთში, მაგრამ საქართველოს არ იმჩნევენ საერთოდ, რაც მიუთითებს იმას, რა საგარეო პოლიტიკასაც აწარმოებს რუსული ოცნება ამ 13 წლის განმავლობაში. 13 წლის განმავლობაში რუსულმა რეჟიმმა მოახერხა, რომ საქართველო იყოს იზოლაციაში და იყოს იზოლირებული ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან, რომლებიც არიან მთავარი გარანტი ამ ქვეყნის თავისუფლებისა. ასევე, ის ფაქტი, რომ ჩეხეთმა დიპლომატიური პასპორტები გააუქმა საქართველოში, ესეც ნათელი დადასტურებაა რეალურად ამ საერთაშორისო იზოლაციის, რომელშიც რეჟიმი არის. დღეს საქართველოს მართავს ე.წ ხელისუფლება, რომელსაც არ აღიარებს ცივილიზებული სამყარო. ეს პროცესები საერთაშორისო პარტნიორებისგან კიდევ უფრო გამკაცრდება რეჟიმზე, ჩვენ ველით, რომ სანქციების პაკეტები გავრცელდება ოჯახის წევრებზე და იმ ადამიანებზე, რომლებიც ხელს უწყობს რეჟიმს, იქნება კიდევ უფრო ფართო.” - განაცხადა ანა წითლიძემ.