საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა, ბოდბეში კომპანიის „Farmway Technologies Inc.“ თანამედროვე ნუშის ბაღი დაათვალიერა.
მინისტრის განცხადებით, ნუშის ბაღებში განხორციელებული ინვესტიციები მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის მოდერნიზაციაში, რაც ქვეყნის მდგრადი განვითარების პროცესისათვის უმნიშვნელოვანესია.
„კაკლოვანი კულტურები სოფლის მეურნეობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს და დიდი საექსპორტო პოტენციალი აქვს. მოვინახულეთ 220 ჰა-ზე გაშენებული ნუშის ბაღი, რომელიც კერძო ინვესტიციის შედეგად შეიქმნა. მნიშვნელოვანია, რომ ამ ინიციატივის განხორციელებაში სახელმწიფოს მხარდაჭერამ გადამწყვეტი როლი ითამაშა. სახელმწიფო ქმნის ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს სოფლის მეურნეობაში, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებასა და აგროსექტორის თანამედროვე სტანდარტებით განვითარებას“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.
კომპანიამ „Farmway Technologies Inc.“ საქართველოში უკვე განახორციელა 20 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია, ხოლო მომდევნო ეტაპზე იგეგმება ინვესტიციების გაფართოება 100 მილიონ აშშ დოლარამდე. ამჟამად, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში ნუშის ბაღები 220 ჰექტარზეა გაშენებული. ახალი პროექტების ფარგლებში კი, ნუშის ბაღების ფართობი 500 ჰექტრამდე გაიზრდება. დამატებით, კომპანიას დაგეგმილი აქვს ნუშის გადამმუშავებელი საწარმოს შექმნა (ნუშის რძის ფხვნილი, ზეთი, ექსტრაქტები), ასევე, ცივი საწყობებისა და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარება. კომპანია აქტიურად თანამშრომლობს სოფლის განვითარების სააგენტოსთან.
„Farmway Technologies Inc.“ აშშ-ში დაფუძნებული ფინტექ კომპანიაა, რომელიც აგრარულ მეურნეობებს ფლობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში - აშშ-ში, ინდოეთში, ვიეტნამსა და შრი-ლანკაში. კომპანია სოფლის მეურნეობის მდგრად განვითარებას უზრუნველყოფს თანამედროვე ტექნოლოგიების Web3, Blockchain, AI, ტოკენიზაციისა და სხვა ინოვაციური მიდგომების გამოყენებით.
მინისტრთან ერთად, ნუშის ბაღში კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრები, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მერები, სოფლის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი პირები და „Farmway Technologies Inc.“-ის ინვესტორები იტალიიდან, საფრანგეთიდან და ინდოეთიდან იმყოფებოდნენ.