„ქართულ ოცნებას" და მდინარაძეს არ ესმით, რომ ერთია მათი რეჟიმის დამხობა და მეორე არის სახელმწიფოს ეროვნული ინტერესები. ამიტომ არის 4 ოქტომბერი მნიშვნელოვანი და ამიტომ უნდა დასრულდეს რუსული რეჟიმი "ქართული ოცნების" სახით საქართველოში, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.
ლევან ბეჟაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის მიმართ პროკურატურის მიერ ბრალი დამძიმებას გამოეხმაურა.
„ქართულ ოცნებას“ და მდინარაძეს არ ესმით, რომ ერთია მათი რეჟიმის დამხობა და მეორე არის სახელმწიფოს ეროვნული ინტერესები. საქართველოს ეროვნული ინტერესები მოითხოვს, რომ დღეს ეს უკანონო რეჟიმი, რომელმაც გააყალბა არჩევნები და რომელიც ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებს და აშორებს საქართველოს ევროკავშირს, მათი ეს უკანონო მმართველობა დასრულდეს. სისხლის სამართლის კოდექსით კონსტიტუცია იცავს კანონიერ ხელისუფლებას კონსტიტუციაზე და კანონის საფუძველზე დაფუძნებულ ხელისუფლებას და არა იმ ხელისუფლებას, რომელიც სასამართლოს აუქმებს, რომელიც პარლამენტს მიიტაცებს, რომელიც თავის ერთპარტიულ ინტერესებს იცავს, ამიტომ არის 4 ოქტომბერი მნიშვნელოვანი და ამიტომ უნდა დასრულდეს რუსული რეჟიმი „ქართული ოცნების“ სახით საქართველოში, ვინაიდან არ ეფუძნებიან არც კანონიერებას, არც კონსტიტუციას და არც საქართველოს ეროვნულ ინტერესებს.“ - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.