13 და 14 სექტემბერს, გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით, ნორვეგიის განვითარების თანამშრომლობის სააგენტოსა (NORAD) და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, ადგილობრივი მეწარმე ქალების პროდუქციის ყველაზე დიდი გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. ღონისძიებას საგამოფენო ცენტრი „ექსპო ჯორჯია“ წელს უკვე მეოთხედ უმასპინძლებს.
გამოფენას გაეროს ქალთა ორგანიზაციის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული დირექტორი ბელენ სანზ ლუკე, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის ხელმძღვანელი ნიკოლას სენდროვიჩი, ნორვეგიის ელჩი საქართველოში ბერგლიოტ ჰოვლანდი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონალური დირექტორი კავკასიაში ალკის ვრეინოს დრაკინოსი, აზიის განვითარების ბანკის ინვესტირების უფროსი სპეციალისტი თინა როჰნერი, კერძო სექტორისა და ბიზნესგაერთიანებების წარმომადგენლები დაესწრებიან.
"გამოფენაზე საკუთარ პროდუქციას 200-მდე მეწარმე ქალი წარადგენს. სტუმრებს საშუალება ექნებათ, დაათვალიერონ და ადგილზევე შეიძინონ მათ მიერ შექმნილი ნაწარმი — საკვები, ღვინო, და სხვა სასმელები, საჩუქრები, სათამაშოები, აქსესუარები, ხელნაკეთი ნივთები და დეკორი, სილამაზისა და თავის მოვლის საშუალებები. მონაწილეთა შორის იქნებიან ძალადობაგამოვლილი, მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები, უკრაინიდან ლტოლვილი მეწარმე ქალებიც. წელს გამოფენაზე კვლავაც აქცენტი გაკეთდება მწვანე პროდუქტებზე, რომლებსაც ქალები ნარჩენების, ეკოლოგიურად სუფთა მასალებისა და ტექნოლოგიების დახმარებით ქმნიან. პარალელურად, მოეწყობა გასართობი და შემეცნებითი კუთხე ბავშვებისთვის, ასევე, საკვები და მუსიკალური სივრცეები.
გამოფენის ფარგლებში გაიმართება პანელური დისკუსიაც, რომლის მიმდინარეობისას საბანკო სფეროს წარმომადგენლები ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროცესში ფინანსური ჩართულობის მნიშვნელობაზე იმსჯელებენ.
ღონისძიება გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივითა და ნორვეგიის განვითარების თანამშრომლობის სააგენტოსა (NORAD) და ევროკავშირის მხარდაჭერით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD), აზიის განვითარების ბანკთან (ADB), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან (GIZ), თიბისისთან, მიკრობანკ „კრისტალთან“, მიკრობანკ „ემბისისთან“, საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტსა და ექსპო ჯორჯიასთან თანამშრომლობით ტარდება.
მეწარმე ქალების გამოფენა-გაყიდვა იმართება გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის საქართველოში“ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კომპონენტის ფარგლებში, ნორვეგიის მთავრობის დაფინანსებით", - აღნიშნულია ინფორმციაში.