თბილისის საქალაქო სასამართლომ ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და საქართველოს საბაჟო საზღვარზე წესის დარღვევით შემოტანის ფაქტზე დაკავებულ უკრაინის მოქალაქეებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
აღნიშნულ საქმეზე შემდეგი სასამართლო სხდომა 3 ნოემბერს, 12:00 საათზე ჩანიშნა.
სუს-მა უკრანელი მოქალაქეების დაკავების შესახებ ცნობა გუშინ გაავრცელა.
უწყების განცხადებით, საქართველოში შემოსულ მანქანაში იპოვეს "წინასწარ საგულდაგულოდ შენიღბულ სამალავებში მოთავსებული 2.4 კილოგრამის ოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება "ჰექსოგენი".
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას და გადაზიდვას გულისხმობს. მათივე ინფორმაციით, "დაკავებულებს ბრალად 260-ე მუხლით გათვალისწინებული ბრალდებაც წარედგინებათ მათი ჩხრეკისას ამოღებულ ნარკოტიკულ საშუალებებთან დაკავშირებით".