აშშ-ის პრეზიდნტი დონალდ ტრამპი მზად არის, რუსეთის ნავთობის მყიდველებისთვის, მათ შორის ჩინეთისა და ინდოეთისთვის ტარიფები 100%-მდე გაზარდოს, თუ იგივეს ევროკავშირიც გააკეთებს. ამის შესახებ Financial Times წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
გამოცემის ცნობით, ტრამპმა ეს მოთხოვნა ვაშინგტონში აშშ-სა და ევროკავშირის მაღალი თანამდებობის პირების შეხვედრის დროს წამოაყენა, როგორც ნაბიჯი რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლის გასაძლიერებლად უკრაინაში ომთან დაკავშირებით.
ერთ-ერთმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი მზად არის დაუყოვნებლივ ომოქმედოს, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირი შეუერთდება ამ გადაწყვეტილებას.
„ჩვენ უკვე მზად ვართ მოქმედებისთვის, მზად ვართ ახლავე ვიმოქმედოთ, მაგრამ ამას მხოლოდ იმ შემთხვევაში გავაკეთებთ, თუ ჩვენი ევროპელი პარტნიორები ჩვენთან ერთად გადადგამენ ამ ნაბიჯს“, - განაცხადა ოფიციალურმა პირმა.
კიდევ ერთმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ აშშ მზად არის სარკისებურად უპასუხოს ევროკავშირის ნებისმიერ ტარიფებს ჩინეთისა და ინდოეთის წინააღმდეგ.
აშშ-ის ოფიციალური პირების თქმით, ტრამპის პოზიციაა მკვეთრად გაზარდოს ტარიფები და შეინარჩუნოს ისინი მანამდე, ვიდრე ჩინეთი არ შეწყვეტს რუსული ნავთობის შესყიდვას.