აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ევროპულმა ქვეყნებმა უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფაში გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულონ. ამასთანავე მან უკრაინის დახმარებისთვის მზადყოფნა დაადასტურა.
ამის შესახებ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს განაცხადა.
ამერიკის პრეზიდენტის თქმით, შეერთებული შტატები უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე მუშაობს, თუმცა მან ევროპელი პარტნიორების უმთავრეს როლს გაუსვა ხაზი.
„ჩვენ მათ დავეხმარებით. მისმინეთ, ჩვენ გვსურს ბევრი სიცოცხლის გადარჩენა, ამიტომ რაღაცას გავაკეთებთ. ვფიქრობ, რომ ხალხი ამას ელის. ჩვენ მათ დავეხმარებით“, - თქვა ტრამპმა.
ამავდროულად, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ გარანტიების მიცემა პირველმა ევროპამ უნდა უზრუნველყოს.
„ევროპა პირველი იქნება და მათ სურთ, რომ პირველები იყვნენ, მათ სურთ, რომ ეს დასრულდეს. ევროპას სურს, რომ ეს დასრულდეს“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.