მე მეამაყება, მე მართლა ამაყი ვარ, რომ გავზარდე ორი გმირი შვილი, - ამის შესახებ გიორგი ტერიშვილის დედამ, მარინა ტერიშვილმა განაცხადა.
"მე მეამაყება, მე მართლა ამაყი ვარ, რომ გავზარდე ორი გმირი შვილი! მე ვარ ტერიშვილების დედა! ტერიშვილი მამუკა, რომელიც მომიკლეს ქართული დროშით ხელში და ტერიშვილი გიორგი. მე მეამაყება, რომ ასეთი შვილები მყავს, მაგრამ ესენი ვერ გაზრდიან ასეთ შვილებს, ვერა, ამათი შვილები ვერ იქნებიან ეგეთები. მე ამაყად გავივლი ქუჩაში.
ამათ არ ეღირსებათ არაფერი, ჩემი შვილის მოპოვებულ თავისუფლებაზე და დამოუკიდებლობაზე რომ გაზარდეს შვილები და ახლა გაფუფუნებულები არიან", - თქვა გიორგი და მამუკა ტერიშვილების დედამ, მარინა ტერიშვილმა.[ტაბულა]
შეგახსენებთ, რომ ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული 11 პირი - ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი, ლუკა ჯაბუა, გურამ მირცხულავა, ვალერი თეთრაშვილი, გიორგი ტერიშვილი, ირაკლი ქერაშვილი, რევაზ კიკნაძე და სერგეი კუხარჩუკი სასამართლომ აღნიშნულ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნო, თუმცა, ბრალდებას კვალიფიკაცია შეუცვალა - ისინი ჯგუფურ ქმედებაში მონაწილეობისთვის ცნო დამნაშავედ.
მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა თითოეულ ბრალდებულს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
მამუკა ტერიშვილი 17 წლის იყო, როდესაც 1992 წლის 2 თებერვალს მიტინგზე მოკლეს.