გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მისაქციელში ხილის გადამმუშავებელ საწარმოში მიმდინარე სამუშაო პროცესს გაეცნო.
ხილის გადამმუშავებელი საწარმო „კავკასუს ორგანიკ ფრუტსი“ სოფლის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერითაა შექმნილი. კომპანია სახელმწიფო პროექტებით „შეღავათიანი აგროკრედიტი“ და „გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტი“ სარგებლობს. საწარმოს 35 ტონა ჩირის წარმოების შესაძლებლობა აქვს, რისთვისაც ადგილობრივ ნედლეულს იყენებს. პროდუქცია საექსპორტოა და გერმანიაში იყიდება.
სოფლის განვითარების სააგენტოს „გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის“ ფარგლებში 111 გადამმუშავებელი საწარმოა შექმნილი. სააგენტოს თანადაფინანსება 51 მლნ ლარს აღემატება. მათ შორის, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში 5,3 მლნ ლარით თანადაფინანსებულია 11 გადამმუშავებელი საწარმოს შექმნა.