ისრაელის პროფკავშირების წარმომადგენლები, თავმჯდომარე ორნა ავიდანის ხელმძღვანელობით, საქართველოს სტუმრობდნენ.
მათ თბილისში „ისრაელის სახლმაც“ უმასპინძლა. ორგანიზაციის დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა იციკ მოშემ სტუმრებს „ისრაელის სახლის“ კონცეფცია და საქმიანობა გააცნო. მისი თქმით, ორგანიზაციის ძირითადი მიმართულებაა სახალხო დიპლომატიის გზით, ისრაელსა და მის მეგობარ ქვეყნებთან მრავალმხრივი ურთიერთობების გაღრმავება. ის ამჟამად 26 ქვეყანაში მუშაობს.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე ზაფხულს ისრაელის პროფკავშირების 400 ლიდერ ქალთა ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტებული იყო სხვადასხვა სფეროს კომიტეტების მდივნებისაგან, ბათუმსაც ეწვია და საქართველოს ღირსშესანიშნაობებს გაეცნო.
გაისად დაგეგმილია ისრაელის პროფკავშირების საზოგადოებრივი და საქმიანი ორგანიზაციებიდან 2000-მდე წარმომადგენლის ვიზიტი საქართველოში.
„პროფესიული კავშირები ისრაელის საზოგადოების ერთ-ერთი ძლიერი სეგმენტია და მასში დიდი ტრადიციითა და გამოცდილებით, მილიონამდე ადამიანია გაწევრიანებული, რაც მაღალ დემოკრატიულ და უფლებადაცვით სტანდარტზე მიუთითებს. „ისრაელის სახლი“ მზად არის, დააკავშიროს ისინი ქართველ კოლეგებს.
წელს, ხანუქას დღესასწაულზე დაგეგმილი გვაქვს, აგრეთვე, ისრაელის კვირეული, სხვადასხვა სფეროს, მათ შორის მსხვილი ბიზნესის წარმომადგენელთა საქმიანი ვიზიტი საქართველოში, რაც ხელს შეუწყობს დაინტერესებული ჯგუფების პირდაპირ კავშირებს“, - აცხადებს იციკ მოშე.