უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ უკრაინის, აშშ-ისა და რუსეთის ლიდერების სამმხრივი შეხვედრა არ ჩატარდეს.
ამის შესახებ ზელენსკიმ ნატო-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
„ომის დასრულების საკითხი ლიდერების დონეზე უნდა გადაწყდეს, თუმცა ახლა ვხედავთ, რომ რუსები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ შეხვედრა არ შედგეს.
უკრაინას, რუსეთისგან განსხვავებით, ლიდერებთან შეხვედრების არ ეშინია. ჩვენ მზად ვართ, მაქსიმალურად პროდუქტიულად ვიმუშაოთ...
ჩვენ უნდა ვაიძულოთ ისინი დიპლომატიისკენ, ჩვენ გვჭირდება მართლაც მკაცრი სანქციები, თუ ის (რუსეთის ფედერაცია) არ დათანხმდება ამ ომის დიპლომატიურ გადაწყვეტას, თუ მათ არ სურთ ომის დასრულება, ჩვენ ძალიან ველით ჩვენი პარტნიორების მხრიდან ძლიერ (სანქციების) პაკეტებს,“ - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკი იმედოვნებს, რომ „პარტნიორები რუსული მხარისთვის სულ მცირე მინიმალური პროდუქტიული პოზიციის უზრუნველყოფას შეუწყობენ ხელს“. მისი თქმით, „ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ რუსეთმა შეხვედრისგან დამალვა ვეღარ შეძლოს“.
პრეზიდენტმა დასძინა, რომ ის ხედავს ძლიერ სიგნალს აშშ-სგან, ევროპისა და სხვა ქვეყნებისგან, რომლებსაც სურთ კოალიციის შემადგენლობაში ყოფნა და დახმარებისთვის მზად არიან.