ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ერთადერთი ადამიანია, რომელსაც დღეს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის შეჩერება შეუძლია. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატო-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. იუწყება უკრაინული მედია.
„ვფიქრობ, ჩვენ ისტორიულად მნიშვნელოვანი ვიზიტი გვქონდა ვაშინგტონში, დედაქალაქში. და ჩვენ შევთანხმდით უსაფრთხოების გარანტიებზე. ასევე ვისაუბრეთ რუსეთთან, რუსეთის ლიდერთან შეხვედრის ფორმატებზე: ორმხრივი ფორმატები, სამმხრივი... სწორედ ლიდერების დონეზე უნდა გადაწყდეს ომის დასრულების საკითხი“, - აღნიშნა მან.
ამავდროულად, ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ შეხვედრა არ ჩატარდეს.
ჩვენ უნდა ვაიძულოთ ისინი დიპლომატიისკენ, ჩვენ გვჭირდება მართლაც მკაცრი სანქციები, თუ ისინი არ დათანხმდებიან ამ ომის დიპლომატიურ გადაწყვეტას, თუ მათ არ სურთ ომის დასრულება“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ რუსეთმა „შეხვედრისგან დამალვა ვეღარ შეძლოს“.
„ჩვენ ვხედავთ ძლიერ სიგნალს შეერთებული შტატებისგან, რომ ის მზად არის წინ წავიდეს. ევროპა და მსურველთა კოალიციის ქვეყნები მზად არიან დასახმარებლად და ამისთვის მადლიერები ვართ. შეიქმნა სერიოზული კოალიციური პლატფორმა, რომელიც 30-ზე მეტ ქვეყანას მოიცავს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
როდესაც პუტინთან ორმხრივი შეხვედრისთვის მზადების დეტალების შესახებ ჰკითხეს, მან ვაშინგტონში პარტნიორებთან საუბრის შესახებ აღნიშნა: „რუსებთან არანაირი შეთანხმება არ გვაქვს, პრეზიდენტ ტრამპთან შევთანხმდით“.
„და ის ერთადერთი ადამიანია, ვისაც დღეს პუტინის შეჩერება შეუძლია. ჩემი აზრით. და ჩვენ შევთანხმდით, რომ სწორი იყო დიპლომატიური მიმართულებით მოძრობა. მე მხარი დავუჭირე პრეზიდენტ ტრამპის მიერ შემოთავაზებულ ამ მიმართულებას. ჩვენ ვსაუბრობთ სამმხრივ შეხვედრაზე, რაც აუცილებელია.
შემდეგ მას რუსულ მხარესთან კავშირი ჰქონდა და თქვა, რომ ჯერ ორმხრივ შეხვედრაზე უნდა შევთანხმდეთ. და ეს რუსების წინადადებაა, მან თქვა... შემდეგ კი - სამმხრივი“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მას არ სურს, „ჩვენ დავუწესოთ რაიმე პირობები, რომლებსაც ვინმე შემდეგ ომის დასრულების დაბრკოლებად გამოიყენებს“.
„ამიტომ ვთქვი: ჩვენ მზად ვართ. სასურველი იქნებოდა დაუყოვნებლივ სამმხრივი ფორმატი.
მაგრამ თუ პრეზიდენტი ტრამპი იტყვის, რომ ეს არის ფორმატი, რომლითაც შეგვიძლია მოლაპარაკებების გაგრძელება, ჩვენ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ ორმხრივ ფორმატს, შემდეგ კი სამმხრივ ფორმატს. მოდით, ვისაუბროთ თარიღსა და ადგილზე“, - აღნიშნა ზელენსკიმ.