მოქალაქეები გორის საკრებულოს შენობასთან საპროტესტო აქციაზე შეიკრიბნენ.
ადგილზე შეკრებილი მოქალაქეები გორის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით რაზმაძის ინტერვიუს აპროტესტებენ, რომელიც მან გამოცემა The New York Times-ს მისცა.
"რაზმაძის მხრიდან, არანაკლებ ძიმე იყო ის განცხადება, როცა თამაზ გინტურის მკვლელობას გამოეხმაურა და თქვა, რომ ქართველები ერთგვარ პროვოკაციას აწყობენ, როდესაც ნასვამ მდგომარეობაში ე.წ. საზღვარზე გადადიან და რუს ე.წ. სამშვიდობოებს სხვა არაფერი რჩებათ, რომ არ აღკვეთონ ქართველების ეს ქმედებები. ეს მაშინ იყო ძალიან მძიმე განცხადება და რადგან ხალხმა ეს გაუტარა, როგორც ჩანს, მიეჩვივნენ, რომ ასე შემოგვაპარონ, თავიანთი პრორუსული მმართველობა და ამის შემდეგ უკვე გვახსოვს ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებული განცხადება, გორის ცენტრში, სადაც მან საზოგადოებას მოუწოდა, რომ ბოდიში მოეხადათ ოკუპანტებისთვის, ესეც გავატარეთ და საბოლოოდ მივიღეთ გუშინდელი განცხადება. ვფიქრობ, დღეს მაინც უნდა გასცეს საზოგადოებამ საკადრისი პასუხი ამაზე, რადგან თვითონ ვერ აიღო პასუხისმგებლობა, აღნიშნული განცადების შემდეგ, გადამდგარიყო პოსტიდან, საზოგადოებამ ერთხმად უნდა მოითხოვოს მისი წასვლა. ჩვენ ვიცით, რომ ამ მოედანზე, რუსები საქართველოს მოქალაქეებს ხოცავდნენ, ამ მოედანზე მოხდა ჰოლანდიელი ჟურნალისტის მკვლელობაც და სწორედ ამ მოედნიდან უნდა ვუთხრათ, რომ გადადგეს, - განუცხადა აქციის მონაწილე მაკა კოჭლამაზაშვილმა ჟურნალისტებს.
ინფორმაციისთვის, გორის საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით რაზმაძემ გამოცემა The New York Times-თან ინტერვიუში განაცხადა: „რუსები აქ, როგორც მშვიდობისმყოფელები შემოვიდნენ და მადლობა ღმერთს, რომ შემოვიდნენ, ვინაიდან, მიშას ხულიგნები მთელ ქალაქს ძარცვავდნენ“. რაზმაძის ინტერვიუ ამერიკული გამოცემის საქართველოს შესახებ ვრცელი სტატიის ნაწილია, სათაურით - “ როგორც დავიდა საქართველო დემოკრატიის ავანგარდიდან ავტოკრატიის წინა ხაზამდე”. The New York Times წერს, რომ ინტერვიუში გორის საკრებულოს თავმჯდომარემ 2008 წლის აგვისტოს რუსეთის აგრესია საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს დააბრალა.
გორის საკრებულოში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, გორის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით რაზმაძის იმპიჩმენტის სამართლებრივ პროცედურებს იწყებენ.
რაზმაძე ამტკიცებს, რომ მისი The New York Times-მა ინტერვიუ გააყალბა.