საქართველოს პრემიერ-მინისტრის მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა, რაც საშუალებას მისცემს ახალგაზრდებს, დასაქმდნენ საჯარო სამსახურში ანაზღაურებადი სტაჟირებით, – ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მაგალითისთვის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მუდმივად აქვს დეფიციტური მიმართულების სპეციალობების, მათ შორის, ჰიდროლოგების, გეოლოგების, სურსათის უვნებლობისა და ვეტერინარიის მიმართულების სპეციალისტების საჭიროება.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებს მივცეთ საშუალება, გაიარონ ფასიანი, ანაზღაურებადი სტაჟირება ჩვენს სისტემაში და შემდგომ დასაქმდნენ სწორედ ამ დარგობრივი მიმართულებებით. ერთი მხრივ, მათ მიიღონ და აიმაღლონ კვალიფიკაცია და სამინისტროს მიეცეს საშუალება, შესთავაზოს დასაქმების შესაძლებლობა ამ ახალგაზრდებს. გასულ წელს ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამით ჩვენს სისტემაში ისარგებლა, დაახლოებით, 58-მა ახალგაზრდამ. აქედან, დაახლოებით, 20-მდე დასაქმდა უკვე სამინისტროს სისტემაში და წელსაც ჩვენ ვგეგმავთ, რომ, დაახლოებით, 300-მდე ახალგაზრდას შევთავაზოთ ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა სამინისტროს სისტემის სხვადასხვა დაწესებულებაში. ძირითადი აქცენტი და ძირითადი პრიორიტეტი ჩვენთვის არის დეფიციტური მიმართულებების პროფესიები, როგორებიც არიან ჰიდროლოგები, გეოლოგები, სურსათის უვნებლობის და ვეტერინარიის მიმართულების სპეციალისტები. მათთვის, ერთი მხრივ, შეთავაზებაა, რომ კვალიფიკაცია აიმაღლონ და, მეორე მხრივ, ბუნებრივია, ამ სტაჟირების პროგრამის დასრულების შემდგომ მიეცეთ საშუალება, დასაქმდნენ საჯარო სამსახურში და გააგრძელონ საქმიანობა“, – განაცხადა თანდილაშვილმა.