უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მიერ გასულ რამეს უკრაინის რეგიონებზე თავდასხმას X-ზე ეხმიანება.
როგორც ზელენსკი აღნიშნავს, ეს არის რუსეთის მხრიდან დემონსტრაციული დარტყმები, რომელიც მხოლოდ მოსკოვზე ზეწოლის გაძლიერების აუცილებლობას ადასტურებს.
„ყოველდღიურად ვმუშაობთ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ჩვენ გვჭირდება ძლიერი უსაფრთხოების გარანტიები, რათა უზრუნველვყოთ ჭეშმარიტად საიმედო და მდგრადი მშვიდობა.
გუშინ ღამით სუმის ოლქში, ოხტირკაზე დრონის დარტყმის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა. თავდასხმის შემდეგ დახმარებას ითხოვდა ოჯახი, რომელსაც დაჭრილი შვილები - 5 თვის, 4 წლის და 6 წლის ბავშვები ჰყავდა. დონეცკის ოლქში, კონსტიანტინოვკაში, ნაღმის აფეთქების შედეგად ხუთი საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა და ნანგრევების ქვეშ სულ მცირე სამი ადამიანი რჩება. სამაშველო ოპერაცია გრძელდება. ასევე, ოდესის ოლქში, ბენზინგასამართ სადგურზე განხორციელდა მზაკვრული დარტყმა. სროლის სამიზნე ასევე ჩერნიგოვის, ხარკოვის და პოლტავას ოლქები იყო. სულ გამოყენებული იქნა 60-ზე მეტი დრონი და ბალისტიკური რაკეტა.
ეს ყველაფერი დემონსტრაციული დარტყმაა, რომელიც მხოლოდ ადასტურებს მოსკოვზე ზეწოლის აუცილებლობას, ახალი სანქციებისა და ტარიფების დაწესების აუცილებლობას, სანამ დიპლომატია სრულად არ იქნება ეფექტური. მადლობას ვუხდი ყველა პარტნიორს, რომელიც ხელს უწყობს ამ რუსული ომის შეჩერებას. შეერთებულ შტატებთან, ევროპასთან და ყველა მათთან ერთად, ვინც მშვიდობას ეძებს, ჩვენ ყოველდღიურად ვმუშაობთ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ჩვენ გვჭირდება ძლიერი უსაფრთხოების გარანტიები, რათა უზრუნველვყოთ ჭეშმარიტად საიმედო და მდგრადი მშვიდობა“, - წერს ზელენსკი.