რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინას უსაფრთხოების გარანტიის სახით ნატო-ს მეხუთე მუხლის ანალოგი შესთავაზა. ამის შესახებ ტელეარხი CNN ევროპელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით იუწყება.
„ტრამპთან მოლაპარაკებების ნაწილი უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს ეხებოდა, ნატო-ს წესდების მე-5 მუხლის შესაბამისად, ევროპისა და შეერთებული შტატების მხარდაჭერით სამშვიდობო შეთანხმების შემთხვევაში“, - იუწყება CNN. თუმცა, ტელეარხის წყაროს თქმით, ნატო ამ გარანტიებში მონაწილეობას არ მიიღებს.
ამასთან, უკრაინული მედიის წყარომ, რომელიც მოლაპარაკებების მიმდინარეობის შესახებ ინფორმირებული იყო, დაადასტურა ასეთი დისკუსია და დააკონკრეტა, რომ სატელეფონო საუბრების დროს ეს ნახსენები იყო ფორმულირებით "non-NATO article 5 security guarantees". [„ნატო-ს არაწევრის უსაფრთხოების გარანტიები მე-5 მუხლის შესაბამისად“].
უკრაინული მედიის წყაროს თქმით, თუ სამშვიდობო შეთანხმება იქნება მიღწეული, აშშ და ევროპული ქვეყნები მხარს დაუჭერენ „მეხუთე მუხლის ტიპის“ უსაფრთხოების გარანტიებს ნატო-ს მონაწილეობის გარეშე.
როგორც მედია აღნიშნავს, ეს იდეა ამერიკულმა მხარემ მოლაპარაკებების დროს წამოაყენა, როგორც უკრაინის უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტია, რომელიც, სავარაუდოდ, ალასკაში პუტინთან შეთანხმდა.