აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთის ლიდერთან ალასკაში გამართული მოლაპარაკებების შედეგების შესახებ Truth Social-ში დაწერა. მისი თქმით, რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დასრულების საუკეთესო გზა პირდაპირ სამშვიდობო შეთანხმების დადებაა და არა უბრალოდ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება.
ტრამპმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მისი აზრით, პუტინთან შეხვედრამ „ძალიან კარგად ჩაიარა“ და რომ ეს „შესანიშნავი და ძალიან წარმატებული დღე“ იყო.
„რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრამ ძალიან კარგად ჩაიარა, ისევე როგორც გვიან ღამით უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისთან, ევროპელ ლიდერებთან, მათ შორის ნატო-ს უაღრესად პატივცემულ გენერალურ მდივანთან სატელეფონო საუბარმა.
ყველა თანხმდება, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ამ საშინელი ომის დასრულების საუკეთესო გზა პირდაპირ სამშვიდობო შეთანხმების დადეებაა და არა უბრალოდ ცეცხლის შეწყვეტა - რომელიც ხშირად არ არის დაცული“, - თქვა ტრამპმა.
მან დაადასტურა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის ოვალურ კაბინეტში 18 აგვისტოს უმასპინძლებს.
„თუ ყველაფერი კარგად იქნება, მაშინ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრას დავგეგმავთ“, - დასძინა აშშ-ის პრეზიდენტმა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, ორმხრივ თუ სამმხრივ ფორმატზე საუბრობდა.