ყველა პატიმარს ვუსურვებ თავისუფლებას, ყველა დედას განეცადოს ის ბედნიერება, რასაც ამ წუთას, მე განვიცდი. სისტემის ყველა პატიმარი დროულად გათავისუფლებულიყოს, - ამის შესახებ სასამართლოს დარბაზიდან გათავისუფლებული პირის, თედო აბრამოვის დედამ ლელა გორგიაშვილმა ვიდეომიმართვისას განაცხადა.
„ვინც ჩემი შვილის გვერდზე იდექით და თანადგომას უცხადებდით, ყველას უღრმეს მადლობას მოგახსენებთ. მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე, საბერძნეთში არის მარიამობა და მარიამობის ძალა და მადლი გფარავდეთ ყველას. სიმართლე გითხრათ, დღევანდელი დღის ძალიან დიდი იმედი მქონდა, ამ სასოწარკვეთაში ჩავარდნილი სრულიად უფალს ვიყავი მინდობილი. მადლობა უფალს, თქვენ, თითოეულ ტელევიზიას, საქართველოს მასშტაბით თითოეულ ადამიანს თითოეული გაზიარებისთვის, კომენტარისთვის, ყველა იმ იოტისოდენა სითბო და სიყვარულისთვის, რომელიც ჩემი ოჯახისთვის და ჩემი შვილისთვის გაიმეტეთ. ყველა პატიმარს ვუსურვებ თავისუფლებას, ყველა დედას განეცადოს ის ბედნიერება, რასაც ამ წუთას მე განვიცდი. სისტემის ყველა პატიმარი დროულად გათავისუფლებულიყოს, ხალხს ამოესუნთქოს და ბედნიერები ყოფილიყვნენ.
ყველა დედას ვუსურვებ იმ აფექტში ყოფნას, რასაც ამ წუთას, მე განვიცდი, ბედნიერებას. სიხარულის ცრემლები მალე განეცადოთ და მალე ჩაეხუტებინოთ თავიანთი შვილები. ვუსურვებ, სიმართლე აღდგეს და მალე გახარებულები ყოფილიყვნენ”,- განაცხადა ვიდეო მიმართვისას თედო აბრამოვის დედამ, ლელა გორგიაშვილმა, რომელიც საბერძნეთში ცხოვრობს.
ფოტო: პუბლიკა