როგორც იმის თქმა არ შეიძლება, რომ საქართველომ მოკლა სანდრო გირგვლიანი ან საქართველომ მოკლა ბუტა რობაქიძე, ზუსტად ასევე არ შეიძლება იმის თქმა, რომ საქართველომ დაიწყო ომი 2008 წელს - ომი დაიწყო არა საქართველომ, არამედ სააკაშვილის მოღალატეობრივმა, გარედან ჩანერგილმა რეჟიმმა,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ შინდისის გმირების მემორიალთან ყოფნისას ჟურნალისტებს განუცხადა.
კობახიძის თქმით, „სააკაშვილისა და „ნაცმოძრაობის“ მხრიდან ვერავითარი ღალატი ვერ და არ გაამართლებს იმ ოკუპაციას, რომელიც განხორციელდა რუსეთის ფედერაციის მხრიდან“.
„2008 წლის ომი დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა, ცალსახად. სააკაშვილი პრეზიდენტის თანამდებობაზე გაყალბებული გზით იყო დარჩენილი და ამ მოღალატემ, გაყალბებული გზით დარჩენილმა მოღალატემ, უცხოელმა აგენტმა 2008 წელს შეასრულა დავალება და ომი დაიწყო. როგორც არ შეიძლება იმის თქმა, რომ საქართველომ მოკლა სანდრო გირგვლიანი ან საქართველომ მოკლა ბუტა რობაქიძე, ზუსტად ასევე არ შეიძლება იმის თქმა, რომ საქართველომ დაიწყო ომი 2008 წელს. 2008 წელს ომი დაიწყო არა საქართველომ, არამედ სააკაშვილის მოღალატეობრივმა, გარედან ჩანერგილმა რეჟიმმა. რეალურად, 2003 წელს ისინი გარედან დაგვისვეს ხელისუფლებაში. მოატყუეს ხალხი, გარედან მოიყვანეს ხელისუფლება. თავიდანვე უცხოელი აგენტები იყვნენ და მათ ჩაიდინეს ღალატი 2008 წელს. შეასრულეს მთავარი მოღალატეობრივი დავალება, როდესაც თავის დროზე ომი დაიწყეს“,- განაცხადა კობახიძემ.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, 2018 წლამდე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ვერ ბედავდნენ იმაზე საუბარს, რომ ომი მათ არ დაუწყიათ.
„უპირველესად, თქვენ სხვის მაგივრად ნუ საუბრობთ. რაც შეეხება ომის დაწყებას. ომი ვინ დაიწყო, ეს შესაბამის დოკუმენტებშია დაფიქსირებული, რაც თქვენს პარტიასაც აქვს ხელმოწერით დადასტურებული ეს ყველაფერი. ეს არის ევროსაბჭოს რეზოლუცია, ეს არის ტალიავინის დასკვნა და ეს არის თავად თქვენი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბრძანებულება. სამივე დოკუმენტში საუბარია იმაზე, რომ რეალურად, სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო ომი. 2018 წლამდე, ამ რეჟიმისა და ამ პარტიის წარმომადგენლები ვერც ბედავდნენ იმაზე საუბარს, რომ მათ არ დაუწყიათ ომი. 2018 წელს მოხდა ასეთი რაღაც - სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ომი დაიწყო მაშინდელმა ხელისუფლებამ. ამან მისცა ერთგვარი საბაბი ამ პარტიას, „ნაცმოძრაობას“, რომ საპირისპირო ემტკიცებინათ. მაშინ რთული პერიოდი იყო, გამომდინარე იქიდან, რომ გუნდის შიგნითაც, „ქართულ ოცნებაში“ არ იყო მარტივი ვითარება და ჩვენ გაგვიჭირდა მაშინ სალომე ზურაბიშვილის დაცვა, როდესაც მან ეს განცხადება გააკეთა.
მაშინ სალომე ზურაბიშვილს ავუხსენით, რომ სიმართლის თქმა იმ მომენტში არ იყო მიზანშეწონილი გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ მოგვიწევდა თავდაცვით პოზიციაში ჩადგომა. გუნდში გვყავდა ჩანერგილი ადამიანები და ასეთ პირობებში სწორი არ იქნებოდა სიმართლის თქმა. ზუსტად ის მოხდა, რაც ვუთხარით“,- განაცხადა კობახიძემ.