ყველას ჰქონდა თავის ვალდებულება, რომ ეს ომი სამშობლოსთვის აერიდებინა, მაგრამ ეს არ გაკეთდა. დაველოდოთ გამოძიებას, - ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილმა აგვისტოს ომთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ყველას ვალია სამშობლოს უსაფრთხოების დაცვა და „ნუ ეფარებიან ადამიანები ჩვენი გმირი ჯარისკაცების ვაჟკაცობას და გმირობას“.
„ჩვენ ვართ სახელმწიფო, სადაც თითოეულ ინსტიტუტს აქვს თავისი ვალდებულება - ეს უნდა გავმიჯნოთ. ჯარისკაცს აქვს თავისი მოვალეობა და ვალდებულება. სახელმწიფო მეთაურებს, ინსტიტუციებს, ხელისუფლებას, იქნება ეს პრეზიდენტი, აღმასრულებელი ხელისუფლება თუ ასე შემდეგ, ყველას გვაჩნია ვალდებულება სამშობლოს წინაშე. მთავარი ვალდებულება არის, შევასრულოთ ჩვენი როლი სამშობლოს წინაშე. ჩვენი ვალია, დავიცვათ სამშობლო და ჩვენი სამშობლოს ინტერესები. ყველას გვაქვს ჩვენი ვალდებულება, რომ ავარიდოთ ჩვენს სამშობლოს ხიფათი. პირველ რიგში, ეს არის უსაფრთხოება, რომ ჩვენი სამშობლო საფრთხის წინაშე არ იყოს და არ იყოს ომის საშიშროების ქვეშ, ეს არის სახელმწიფოს ვალდებულება. ამიტომ, ნუ ეფარებიან ის ადამიანები ჩვენი გმირი ჯარისკაცების ვაჟკაცობას და გმირობას. ყველას ჰქონდა თავისი ვალდებულება, რომ ეს ომი სამშობლოსთვის აერიდებინათ, მაგრამ ეს არ გაკეთდა. დაველოდოთ გამოძიებას.
ჩვენ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო, ვართ პატივისმცემელი ჩვენი ინსტიტუტების მიმართ. დაველოდოთ ბოლომდე გამოძიებას და ყველას როლი გამოჩნდება, ვინ, რა გააკეთა, ვინ ვერ გააკეთა, მით უმეტეს, ახალგაზრდები, რომლებიც ქილიკით საუბრობენ, რომ მაშინ პატარები იყვნენ, ზოგი ბაღში იყო, ზოგმა არ იცოდა, რა ხდებოდა. როცა გამოძიება დასრულდება, ექნებათ იმის საშუალება, რომ სიმართლე გაიგონ. ეს არის ჩვენი ვალდებულება. საქართველოს მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა, რომ გაეცნონ სიმაღლეს და შემდეგ თავად გადაწყვიტონ, თუ რა იყო რეალობა, რომელიც მაშინ ჩვენთან, საქართველოში სუფევდა“, - განაცხადა ყაველაშვილმა.