საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, აშშ-სა და ევროკავშირს შორის სავაჭრო შეთანხმება, რომელსაც ევროპელები ევროკომისიის პოლიტიკურ კრახად აფასებენ, ევროკავშირის შიდა საკითხია და არ ჩაერევა.
პაპუაშვილის თქმით, საქართველოს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ამ მხრივ, ევროკავშირთან შედარებით, უფრო კარგი პირობები აქვს.
„ხედავთ თავად ევროპელების შეფასებას, რომლებიც ევროკომისიის პოლიტიკურ კრახად აფასებენ შეთანხმებას, მათ შორის იმ მხრივ, რომ საერთოდ კითხვის ნიშნის ქვეშაა, ევროკომისიას რამდენად ჰქონდა უფლებამოსილება, ეწარმოებინა მოლაპარაკება და თანხმობა მიეცა ისეთ საკითხებზე, როგორებიც არის იარაღის შესყიდვა, ტარიფების ასე შეთანხმება და ა.შ. ეს ევროკავშირის შიდა საკითხია და არ ჩავერეოდი. საქართველოს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ამ მხრივ, ევროკავშირთან შედარებით, უფრო კარგი პირობები აქვს. ასე რომ, საქართველოს მობაძონ“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა მოლაპარაკებების შედეგად სავაჭრო შეთანხმებას მიაღწიეს. ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა დაადასტურა, რომ აშშ-ში ევროპული საქონლის იმპორტზე 15%-იანი ტარიფები დაწესდება. შეთანხმების ძირითადი პუნქტები ასეთია: ევროკავშირი შეიძენს აშშ-დან 750 მილიარდი დოლარის ღირებულების ენერგორესურსებს, ასევე ევროკავშირი დამატებით 600 მილიარდი დოლარის ინვესტირებას გააკეთებს აშშ-ში.