„ქართული ოცნების“ ყოფილ დეპუტატს, ვეტერან მოჭიდავეს ლუკა კურტანიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში გაიმართა.
პროკურატურა კურტანიძისთვის ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, დაცვის მხარე კი 50 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას.
საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, კურტანიძეს ბრალდება ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის, ოჯახის წევრის ნივთის განზრახ დაზიანებისა და ოჯახის წევრის მიმართ დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობის მუხლით წარედგინა. აღნიშნული ქმედება 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მომდევნო სხდომა 17 სექტემბერს, 12:00 საათზე გაიმართება.