თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ უკრაინა და რუსეთი შესაძლოა მალე შეთანხმდნენ ცეცხლის შეწყვეტაზე.
მან ხაზი გაუსვა, რომ სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერა შესაძლოა თურქეთში მოხდეს, წერს გამოცემა Hurriyet.
ერდოღანის თქმით, თურქეთმა გააძლიერა დიპლომატიური ძალისხმევა მშვიდობის მისაღწევად, მაშინ როცა მეზობელ ქვეყნებში კრიზისები და ომები გრძელდება.
მან დასძინა, რომ რუსეთ-უკრაინის ომში ანკარა იცავს პოლიტიკას, რომელიც მშვიდობის მომხრეა.
„ჩვენ გვჯერა, რომ ეს ომი უნდა დასრულდეს. ისევე, როგორც სტამბოლში გაიშალა მოლაპარაკების მაგიდა, უახლოეს მომავალში თურქეთში ასევე გაიშალება მშვიდობის მაგიდა და ეს სისხლისმღვრელი ომი დასრულდება“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.
ერდოღანმა ასევე გაიხსენა, რომ სტამბოლში გამართული მოლაპარაკებების მესამე რაუნდის დროს უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებმა ტყვეების ახალ გაცვლაზე შეთანხმებას მიაღწიეს.