„ქართული ოცნების“ მხარდაჭერა, საპარლამენტო არჩევნების ისტორიული შედეგის შემდეგ, კიდევ უფრო გაიზარდა, - ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „გორბის“ მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებს.
როგორც პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, ეს არის ხალხის პასუხი მათთვის, ვინც ქვეყნის სამსახურს - მონობას ამჯობინებს.
„ქართული ოცნების“ მხარდაჭერა, საპარლამენტო არჩევნების ისტორიული შედეგის შემდეგ, კიდევ უფრო გაიზარდა.
ამომრჩევლების 63%-ს აქვს ნდობა არჩევნების მიმართ, 56,2% კი მხარს „ქართულ ოცნებას“ უჭერს.
ეს არის ქართველი ხალხის პასუხი მათთვის, ვინც ქვეყნის სამსახურს - უცხოს მონობას, ეროვნულ ინტერესს - სხვისი დროშის ფრიალს, სიყვარულს - ზიზღს და ძალადობას ამჯობინებს.
ქართველ ხალხს სურს მშვიდობა და არა ომი, განვითარება და არა ნგრევა, ქვეყნის გამთლიანება და არა შუღლი, ეროვნული ინტერესებით მოქმედება და არა შეშლილი სამყაროს ისტერიაში სხვის მარიონეტად ყოფნა“, - წერს შალვა პაპუაშვილი.
ამასთან, პაპუაშვილი უშუალოდ პარლამენტის მიმართ ნდობის კუთხით გამოკითხვის შედეგებსაც ეხმაურება და აღნიშნავს, რომ პარლამენტის მიმართ საქართველოს მოქალაქეების 62%-იანი ნდობა, კიდევ ერთი დასტურია, რომ მე-11 მოწვევის პარლამენტი ზუსტად ასრულებს იმ საარჩევნო დაკვეთას, რომელიც ხელისუფლებას საზოგადოებამ საპარლამენტო არჩევნებზე მისცა.
როგორც ის აღნიშნავს, ხალხი მხარს უჭერს იმ საკანონმდებლო რეფორმებს, რომელსაც პარლამენტი ბოლო რამდენიმე თვეა ატარებს.
„პარლამენტის მიმართ საქართველოს მოქალაქეების 62%-იანი ნდობა, კიდევ ერთი დასტურია, რომ მე-11 მოწვევის პარლამენტი ზუსტად ასრულებს იმ საარჩევნო დაკვეთას, რომელიც ჩვენმა საზოგადოებამ საპარლამენტო არჩევნებზე მოგვცა.
ხალხი მხარს უჭერს იმ საკანონმდებლო რეფორმებს, რომელსაც პარლამენტი ბოლო რამდენიმე თვეა ატარებს. ჩვენი მიზანია, ვიმოქმედოთ ხალხის მიერ მონიჭებული ამ მანდატის შესაბამისად.
ეს ნდობა, ასევე, კიდევ ერთი შეხსენებაა ბრიუსელისთვის, რომ ბრიუსელმა პატივი უნდა სცეს საბაზისო ევროპულ ღირებულებებს - გადაწყვეტილებების დემოკრატიულად მიღების წესს, ხალხის ნებას და ხალხის მანდატით მიღებულ კანონმდებლობას. ამის გარეშე ევროკავშირი ევროპა ვერ იქნება“,- წერს შალვა პაპუაშვილი.
შეგახსენებთ, „გორბმა“ ტელეკომპანია „იმედის" დაკვეთით საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩაატარა. კვლევის თანახმად, კითხვაზე, პარლამენტის არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს ვის მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 56,2% -მა „ქართული ოცნება“ დაასახელა.
გამოკითხულთა 10,7% „ლელო - ძლიერ საქართველოს“ ასახელებს;
10% - „გახარია საქართველოსთვის“;
9,5% - „კოალიცია ცვლილებებისთვის“, გვარამია, მელია, „გირჩი“, „დროა“;
7,5% - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“;
3,2% - „გირჩი“;
1,8% - „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“;
1,1 % - სხვა პარტიები.