აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ მეორადი სანქციების დაწესებას მის მიერ გამოცხადებული 50-დღიანი ვადის ამოწურვამდე არ გამორიცხავს.
ამის შესახებ ტრამპმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
ჟურნალისტმა ტრამპს ჰკითხა, ახლოს იყო თუ არა ის რუსეთის წინააღმდეგ მეორადი სანქციების დაწესებასთან.
„ჩვენ მთელ ამ სიტუაციას განვიხილავთ. შესაძლოა, მათ წინააღმდეგ მეორადი სანქციების დაწესება მოგვიწიოს“, - თქვა მან.
დამზუსტებელ შეკითხვაზე, განიხილავდა თუ არა მეორადი სანქციების დაწესებას ადრე გამოცხადებულ 50-დღიან ვადაზე ადრე, მან უპასუხა: „შესაძლოა, კი“.
მას შემდეგ, რაც ტრამპმა რუსეთს 50-დღიანი ვადა მისცა, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბაიბა ბრაჟემ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი რუსეთის წინააღმდეგ მეორადი სანქციების დაწესებას 50 დღე არ უნდა დაელოდოს.
ლიეტუვაში კი აშშ-ს მოუწოდეს, გამანადგურებელი დარტყმა მიაყენოს სანქციებით რუსეთს და მის მხარდამჭერებს მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა დაამტკიცა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტი.
ამასთან, თეთრი სახლის პრესმდივანმა ქეროლაინ ლევიტმა განაცხადა, რომ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან დაკავშირებით სენატთან კონტაქტზეა, თუმცა გადაწყვეტილების მიღება თავად სურს.
14 ივლისს ტრამპმა განაცხადა, რომ „თუ რუსეთთან 50 დღის განმავლობაში შეთანხმებას ვერ მიაღწევს, მაშინ მოსკოვს 100%-მდე ტარიფებს დაუწესებს“.
„ჩვენ ძალიან მკაცრ ტარიფებს დავაწესებთ, თუ 50 დღეში შეთანხმებას ვერ მივაღწევთ, დაახლოებით 100%-იან ტარიფებს, მეორად ტარიფებს, თქვენ იცით, რას ნიშნავს ეს“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.