უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს მუშაობის შესახებ ახალი კანონპროექტის თანახმად, ეს ორგანო გენერალური პროკურატურის დაქვემდებარებაში არ იქნება.
ხუთშაბათს ზელენსკიმ რადას გაუგზავნა ანტიკორუფციული ორგანოების შესახებ ახალი კანონი, რომელიც უკრაინის პარლამენტის მიერ გასულ კვირას დამტკიცებულ კანონს ჩაანაცვლებს.
მას შემდეგ, რაც რადამ კანონპრიექტი მიიღო და პრეზიდენტმა ხელი მოაწერა, უკრაინაში დაიწყო საპროტესტო აქციები, რომლის მონაწილეებიც შეშფოთებულნი იყვნენ იმით, რომ კანონი ძირს უთხრიდა ანტიკორუფციული სააგენტოს დამოუკიდებლობას.
შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წარმომადგენლებმაც.
„ხალხი ცვლილებებს ითხოვდა. ჩვენ ვუპასუხეთ“, - განუცხადა ზელენსკიმ ხუთშაბათს ჟურნალისტებს, უმაღლეს რადაში ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს შესახებ ახალი კანონპროექტის წარდგენის გადაწყვეტილების კომენტირებისას.
„თუ კანონმდებლების მიერ განსაზღვრული ზოგიერთი ცვლილების გამო, არსებობს ანტიკორუფციული ორგანოების დამოუკიდებლობის დაკარგვის რისკი, მაშინ ეს რისკები უნდა აღმოიფხვრას“, - დასძინა პრეზიდენტმა.
მან ასევე უარყოფითად უპასუხა შეკითხვას, დაექვემდებარება თუ არა ბიურო გენერალურ პროკურატურას.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რას ამბობს საზოგადოება. მე პატივს ვცემ საზოგადოების აზრს. და მე ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად ნორმალურია რეაგირება, როდესაც ადამიანებს რაღაც არ უნდათ, როდესაც ეს არ მოსწონთ. ეს ნორმალურია. ხალხს აქვს უფლება თქვას ის, რასაც ფიქრობს. ხალხმა თავისი აზრი გამოთქვა - ყველაფერი კანონის შესაბამისად უნდა იყოს. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ჩვენ მოვისმინეთ და ადეკვატურად ვუპასუხეთ“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ დაარწმუნა საზოგადოება, რომ არ სურს უკრაინის ევროპული ინტეგრაციის რისკის ქვეშ დაყენება - იმ პრობლემების ფონზე, რომლებიც შეიქმნა კანონის მიღებით.
პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინის ევროპული კურსის საკითხში რისკზე წასვლა არ სურს და პარტნიორები დაარწმუნა, რომ გამოსავალს იპოვის უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა და სპეციალიზებულ ანტიკორუფციულ პროკურატურის შესახებ სკანდალური კანონის მიღების შედეგად წარმოქმნილი სიტუაციიდან.
„ჩვენ ევროპის იმავე ინფრასტრუქტურაში ვართ, ჩვენ გვსურს ევროპის ნაწილი ვიყოთ. არავის სურს რისკზე წასვლა. მე დავარწმუნე ყველა ჩვენი პარტნიორი...
რაც შეეხება ეროვნუი ანტიკორუფციული ბიუროსა და სპეციალიზებულ ანტიკორუფციულ პროკურატურას, მე ვუთხარი, რომ გამოსავალს ვიპოვიდი. მე შემოგთავაზებთ ჩემს ხედვას იმის მიხედვით, თუ რა სჭირდებათ კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლებს და რა სურს საზოგადოებას“, - განაცხადა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, 22 ივლისს, ქვეყნის მასშტაბით ქალაქებში გამართული საპროტესტო აქციების მიუხედავად, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომელიც უკრაინის ოპოზიციის დეპუტატებისა და დამკვირვებლების თანახმად, დამოუკიდებლობას უზღუდავს ორ უმთავრეს ანტიკორუფციულ ინსტიტუტს. უკრაინის მიერ მიღებულ კანონს ევროკავშირიც გამოეხმაურა, კერძოდ, ევროკომისიის წარმომადგენლის, გიიომ მერსიეს ცნობით, ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის დაუკავშირდა და ახალი ანტიკორუფციული კანონმდებლობის ახსნა-განმარტება სთხოვა. 24 ივლისს ზელენსკიმ უკრაინის უმაღლეს რადაში ახალი კანონპროექტი წარადგინა, რომელიც უკრაინის ანტიკორუფციული ინსტიტუტების დამოუკიდებლობის აღდგენას ისახავს მიზნად.