„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრს, საბა სხვიტარიძეს, რომელიც პოლიციელ მირიან ქავთარაძეზე თავდასხმაშია ბრალდებული, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდება გადაუკვალიფიცირდა.
შუამდგომლობა პროკურატურამ დღევანდელ პროცესზე დააყენა, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა.
საბა სხვიტარიძეს ბრალი ჰქონდა წაყენებული 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი მას ახლა 120-ე მუხლით გადაუკვალიფიცირდა, რაც ზოგადად ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული დანაშაული კი "ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ექვს თვემდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ".
პროკურორი როინ ხინთიბიძის თქმით, საბა სხვიტარიძემ არ იცოდა, რომ მირიან ქავთარაძე პოლიციელი იყო.
მუხლის გადაკვალიფიცირების გამო დაცვის მხარემ აღვეკთი ღონისძიების შეცვლა მოითხოვა, რაც მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ არ დააკმაყოფილა და სხვიტარიძე პატიმრობაში დატოვა.