მსოფლიო სავალუტო ფონდის (IMF) მორიგი შეფასების მართლაც გასაოცარი შედეგები დასტურია იმის, რატომ უნდა მიჰყვე შენს ეროვნულ ინტერესებს და არა სხვის კარნახს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, „ბრიუსელის ყველა მოთხოვნის შემსრულებელი მოლდოვის მწვავე ეკონომიკური სტაგნაცია და ბრიუსელის თავდასხმის ობიექტი საქართველოს ეკონომიკური სასწაული ამას თვალსაჩინოდ გვაჩვენებს“.
„ამ სიხარულზე მეტი, ალბათ, ის ბრაზია, როდესაც აცნობიერებ, რომ ორი ამდენის მიღწევას შევძლებდით, რომ არა გარედან საქართველოს დაზიანების მუდმივი მცდელობები; რომ არა დონორების ნაკვები სიძულვილი და ექსტრემიზმი; რომ არა „ენჯეოების“ მიერ საქართველოს რუსეთთან ესკალაციაში ჩათრევის მცდელობები; რომ არა გარე ინტერესებით მოქმედი შინაურები და სხვის დროშას ჩამოკიდებული უსამშობლოები“, – წერს პაპუაშვილი.
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გამოაქვეყნა დასკვნა, სადაც ნათქვამია: „საქართველომ შესანიშნავი მდგრადობა გამოავლინა გაზრდილი შიდა და გეოპოლიტიკური გაურკვევლობის ფონზე ძლიერი ზრდით, მიზნობრივ დონესთან ახლოს არსებული ინფლაციით და ვალის ზომიერი დონით“.