ოპოზიციურ პარტიებს საარჩევნო ნომერი რად უნდათ, მათი კუდი აქ გამოჩნდა, რომელიც ძალიან დიდია და ვერ მალავენ, რადგან კარგად იციან, თვითმმართველობის არჩევნებში დამარცხდებიან, მაგრამ ეს არის შესაძლებლობა, საკუთარი მარცხი გაამართლონ, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ძალაშია ფორმულა, რომ თუ ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, დამარცხდება, თუ არ მიიღებს, ნელ-ნელა გაქრება.
„ე.წ. ოთხი პარტიიდან არჩევნებში მონაწილეობას ორი აპირებს, თუმცა რეგისტრაციის ბოლო დღემდე იმას უნდა ველოდოთ, რომ შესაძლოა, რამდენიმე პარტიამ გადაწყვეტილება შეცვალოს, ან ვინც არჩევნებში მონაწილეობას იღებს, თქვას, რომ აღარ იღებს, ან პირიქით. ერთი-ორი დღით ადრე უცხოეთიდან დაურეკავენ და ეტყვიან, აბა, ბიჭებო და გოგოებო, გავარდით და დარეგისტრირდით ცესკო-ში, თუ მათი გადაწყვეტილება იქნება. ბუნებრივია, ვინც არჩევნებში მონაწილეობას არ იღებს, არჩევნებში თავის მომავალზე ფიქრობს. თუ სახელმწიფო ინსტიტუტები არალეგიტიმურია, მათ შორის ცესკო, სად რეგისტირირდებოდნენ, რომ ნომერი შეენარჩუნებინათ? აბა, ამას უპასუხონ. გახარიას და „ლელოს“ ფორმალურად ედავებიან, ინსტიტუტებს რატომ აღიარებთო, მაგრამ თავად რატომ აღიარებენ? რა ნომერი ექნებათ, რა მნიშვნელობა აქვს, როცა ამბობენ, ყველაფერი არალეგიტიმურია და აზრი არაფერს აქვსო“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.