იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ, აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპმა კრემლის ლიდერის, ვლადიმირ პუტინის მიმართ რიტორიკა შეცვალა.
ამის შესახებ მან სამშაბათს ავსტრიის კანცლერ კრისტიან შტოკერთან შეხვედრისას განაცხადა.
მელონიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი კვლავ უარს ამბობს დათმობებზე წასვლაზე უკრაინის წინააღმდეგ ომის მშვიდობიანი გზით მოგვარების საკითხში.
„რუსეთი აგრძელებს მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმას სულ უფრო სასტიკი მეთოდებით, რაც აჩვენებს, თუ რამდენად ნაკლებად არის მოსკოვი დაინტერესებული იმ მშვიდობით, რომელსაც ყველა ჩვენგანი ვეძებთ, მიუხედავად ტრამპის ადმინისტრაციის მზაობისა, ჩაერთოს დიალოგში, რომლის მიღებაც პუტინმა არ ისურვა“, - დასძინა მან.
იტალიის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ რომი ხედავს შეერთებული შტატების მხრიდან პოზიციის ცვლილებას და „მიესალმება მას“.