სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ 2019 წლის 20 ივნისს დაშლის ოპერაციის დროს გადაცდომებთან დაკავშირებით გამოძიება არ იყო სრულყოფილი, შესაბამისად, პროკურატურა იძიებს ამ საკითხს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ამ საქმის ხელახალ გამოძიებას ქვეყანას სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ავალდებულებს.
„შესაბამისად, პროკურატურა იძიებს ამ საკითხს. 2019 წლის 20 ივნისს პარლამენტზე შტურმი რომ იყო, ეს დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ. ამავე სასამართლომ დაადგინა, რომ შემდეგ დაშლის ოპერაციის დროს, გადაცდომებთან დაკავშირებით გამოძიება არ იყო სრულყოფილი.
ჩვენ გვაქვს სტრასბურგის სასამართლოდან ორი მოცემულობა. ერთი, დადგინდა, რომ ეს იყო შტურმი, რომლის მოტივი და მიზანი იყო ხელისუფლების დამხობა. აბა, პარლამენტს სიამოვნების გამო არავინ შტურმით არ იღებს. აქვე გავახსენებ ყველას, რომ ევროკავშირი თავად იყო ჩართული, რომ ამ შტურმის მონაწილეები გარეთ ყოფილიყვნენ. შეგახსენებთ, ნიკა მელიას გირაო ბრიუსელს აქვს გადახდილი, იმიტომ იყო ის გარეთ. ბრიუსელს ჰქონდა გადახდილი იმ ადამიანის გირაო, რომელიც იმ შტურმში მონაწილეობდა, რომელზეც სტრასბურგმა თქვა, რომ ეს იყო შტურმი პარლამენტზე. აქაც კიდევ ერთხელ ისმის კითხვის ნიშნები ბრიუსელის მიმართ, რა პროცესებთან გვქონდა საქმე და რას ახალისებდა. მეორე, არის უკვე კანონიერ საზღვარს გაცდენილი აქციის დაშლის ოპერაცია და ღონისძიება. ამ საკითხს იძიებს ახლა პროკურატურა. ჩვენ ვნახეთ, რომ ზუსტად გიორგი გახარიას მინისტრობის პირობებში, ამ აქციის დაშლა მოხდა ისეთი მეთოდებით, რომელმაც ზიანი მიაყენა მოქალაქეებს. მნიშვნელოვანია, ეს საქმე იყოს გამოძიებული“, – განაცხადა პაპუაშვილმა.