ევროკავშირის საგარეო ქმედების სამსახურის (EEAS) ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ “ყველა ვარიანტი, რომლის წარმოდგენაც შეიძლება, პოტენციურად განიხილება. ამისთვის საჭიროა საგარეო საქმეთა მინისტრების კონსესუსი და შეთანხმება“.
მისივე თქმით, მინისტრები საქართველოსთან დაკავშირებით სამ ძირითად საკითხზე იმსჯელებენ.
"საქართველოს შესახებ სამ მთავარ საკითხს გამოვყოფ: პირველი, ევროკავშირისა და წევრი სახელმწიფოების მიერ 2024 წლის ივნისიდან მიღებული ზომების შეფასება, რომელიც დაფუძნებული იყო საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე ამჟამინდელი ხელმძღვანელობის დროს.
კაია კალასი წევრ სახელმწიფოებს ასევე მოუწოდებს მეორე მიმართულებისკენ, რაც სანქციების გზით მოქმედებას გულისხმობს, რათა უზრუნველყოს, რომ წევრი სახელმწიფოების კონსესუსი მოიპოვოს და უზრუნველყოს ადამიანის უფლებების დარღვევების და მშვიდობიანი მომიტინგეების ჩაგვრის საკითხების მოგვარება.
მესამე საკითხია მინისტრების მოსაზრებების მოსმენა იმის შესახებ, თუ რას ხედავენ ისინი შემდგომ შესაძლებლობებად, რათა დარწმუნდნენ, რომ ეს არის საერთო მიმართულება ქართველი ხალხის, ქართული თავისუფალი მედიის, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მხარდაჭერისა და იმის უზრუნველსაყოფად, რომ ევროპული გზა, რომელიც საქართველომ აირჩია, ნამდვილად არის ის გზა, რომელსაც ხელისუფლება უნდა გაჰყვეს. მაგრამ, სამწუხაროდ, რასაც ვხედავთ, სრულიად საპირისპიროა“, - განაცხადა მან.
„ევროსკოპის“ რედაქტორის, თამარ ნუცუბიძის შეკითხვაზე, განიხილავს თუ არა ევროკავშირი მოსამართლეების დასანქცირებას, EEAS-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ პოტენციურად სანქცირებულთა სიაში სწორედ მოსამართლეთა ნაწილია.
მომდევნო კვირაში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი განაცხადებს, რომ სიებთან დაკავშირებით სულ მცირე 15 პირზე არსებობს მყარი, იურიდიულად დასაბუთებული წინადადება და შემიძლია დავადასტურო, რომ ამ სიების ნაწილი მოსამართლეები არიან. რა თქმა უნდა, სახელებს ვერ დავასახელებ, რადგან ეს ასევე ეწინააღმდეგება შეთანხმების ძიების მთელ მიზანს. მაგრამ სწორედ ეს იქნება ძალიან რთული, რადგან ამ წინადადებებზე 27-მა ქვეყანამ ერთხმად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება“, - განაცხადა მან.
ცნობისთვის, 15 ივლისს, ევროპული საბჭოს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ბრიუსელში, სხვა თემებთან ერთად საქართველოს საკითხს განიხილავენ.