ევროპარლამენტი ევროკავშირს ივანიშვილის წინააღმდეგ მიზნობრივი სანქციების დაწესებისა და გაერთიანებულ სამეფოსთან თანამშრომლობით მისი ფინანსური აქტივების გაყინვისკენ მოუწოდებს - შესაბამისი რეზპლუცია ევროდეპუტატებმა უკვე მიიღეს.
დოკუმენტის თანახმად, „[ევროპარლამენტი] ხაზს უსვამს ბიძინა ივანიშვილის და სხვა თანამდებობის პირებისა და პოლიტიკური ლიდერების, მათ შორის ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილის, ვახტანგ გომელაურის, თბილისის მერის და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის, და „ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარის, ირაკლი ღარიბაშვილის პასუხისმგებლობას საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაზე, რადგან მათ ხელი შეუწყვეს დემოკრატიულ უკუსვლას, რამაც გამოიწვია ძალაუფლების ავტორიტარული კონსოლიდაცია და ისინი ეწინააღმდეგებოდნენ ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის კონსტიტუციურ მიზანს".
მოუწოდებს ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და მისი კომპანიების წინააღმდეგ დაუყოვნებლივ დაწესებულ იქნას მიზნობრივი პერსონალური სანქციები და მოუწოდებს ევროკავშირს, გაერთიანებულ სამეფოსთან თანამშრომლობით, გაყინოს მისი ფინანსური აქტივები; ახსენებს უნგრეთისა და სლოვაკეთის მთავრობებს გულწრფელი თანამშრომლობის პრინციპს, რომელიც მოითხოვს, რომ წევრმა სახელმწიფოებმა თავი შეიკავონ ნებისმიერი ზომისგან, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას ევროკავშირის მიერ მიზნების მიღწევას;
მოუწოდებს უნგრეთისა და სლოვაკეთის მთავრობებს, თავიანთი საგარეო პოლიტიკა ევროკავშირის პოზიციებსა და პრინციპებთან შესაბამისობაში მოიყვანონ და მოხსნან ვეტო საქართველოში დემოკრატიული უკუსვლისა და ლეგიტიმური საპროტესტო აქციების ჩახშობისთვის პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე; გმობს უნგრეთის მთავრობის ცალმხრივ ქმედებებს, რომლითაც „ქართული ოცნების“ ლეგიტიმაციას ცდილობს" - წერია რეზოლუციაში.