ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი, თორნიკე ფარულავა საგარეო საქმეთა სამინისტროდან გაათავისუფლეს, მისი მეუღლე კი პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის აპარატიდან. აღნიშნულის შესახებ ფარულავა სოციალურ ქსელში წერს.
როგორც თორნიკე ფარულავა აღნიშნავს, მისი დეპარტამენტი სრული შემადგენლობით ისე გაათავისუფლეს, „რომ არავის უკითხავს - რამე გასაკეთებელი ხომ არ რჩებაო“.
მისივე თქმით, სამინისტროში ბოლოს განხორციელებული „რეორგანიზაცია“ გამორჩეული იყო, „გაუქმებისა და შემცირების ძირითადი სამიზნეები აღმოჩნდნენ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის უწყებათაშორის კოორდინაციაზე მომუშავე ქვედანაყოფები“.
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში თითქმის 24 წელი ვიმსახურე. ამ დროის განმავლობაში ბევრ ე.წ. რეორგანიზაციას მოვესწარი. სამწუხაროდ, მათი მიზანი ყოველთვის არ ყოფილა “ორგანიზაციის“ გაუმჯობესება ან გაძლიერება, მაგრამ ეს უკანასკნელი “რეორგანიზაცია“ მაინც გამოირჩეოდა. გამოირჩეოდა იმით, რომ პირველად მოხდა როცა “რეორგანიზაციის“ ერთ-ერთი ძირითადი მიზანი სამინისტროს თანამშრომლებს შორის კოლეგიალური ურთიერთობის მოსპობა და არა ჯანსაღი კონკურენციის დანერგვა იყო (ეს მიზანი მიღწეულია).
უკანასკნელი „რეორგანიზაცია“ ასევე გამოირჩეოდა იმით, რომ წლების განმავლობაში შექმნილი და ჩამოყალიბებული ინსტიტუციური მეხსიერების განგრძობადობის პრინციპის მოშლა იყო მისი ასევე მნიშვნელოვანი მიზანი. სამინისტროში სამუშაოდ დარჩენილი დიპლომატების სრული უმრავლესობა ისეთ პოზიციებზე გადაინიშნა, რომ დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ინსტიტუციური მეხსიერება ყველა დონეზე წაშლილია, სუფთა ფურცლიდან ვიწყებთ პირველი ივლისიდან (აქაც მიზანი მიღწეულია). ასევე, კიდევ ერთი საინტერესო თავისებურება ახასიათებდა ამ უკანასკნელ პროცესს - გაუქმებისა და შემცირების ძირითადი სამიზნეები აღმოჩნდნენ ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის უწყებათაშორის კოორდინაციაზე მომუშავე ქვედანაყოფები. ანუ, გაუქმდა ის ქვედანაყოფები, რომლებიც ახორციელებდნენ უწყებათაშორისი და სექტორული რეფორმების პროცესის კოორდინაციას და ამ პროცესების ბრიუსელისთვის წარდგენას, რაც პირდაპირ მიუთითებს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაშიც კი, არავინ ამ პროცესების გაგრძელებას არ აპირებს. შესაბამისად, მისტიური 2028 წელი როცა დადგება, ჩვენ უფრო უკან ვიქნებით, ვიდრე „გუშინ“ ვიყავით.
ორიოდე სიტყვას ვიტყვი ადამიანებზეც, რომლებიც ამ პროცესის სამიზნეები აღმოჩნდნენ. ყველაზე ნეგატიური პროცესიც კი შეიძლება ისე იმართოს, რომ ადამიანებისთვის იყოს ნაკლებად მტკივნეული. სწორედ საპირისპიროდ წარიმართა ყველაფერი საგარეო საქმეთა სამინისტროში. “რეორგანიზაციის“ კიდევ ერთი გვერდითი ეფექტი იყო თანამშრომლების მაქსიმალური დამცირება. ბევრისთვის ეს გამოიხატა თანამდებობრივად დაქვეითებაში, ხოლო კიდევ უფრო ბევრისთვის ეს გამოიხატა სრულიად უღირს დამოკიდებულებაში. მთელი თვის განმავლობაში, „რეორგანიზაციის“ დაწყებიდან, არ მომხდარა არც ერთი კომუნიკაცია თანამშრომლებთან. არავითარი ახსნა თუ რა პროცესი მიმდინარეობს ან ვის რა ბედი ელის. კულმინაცია კი იყო კვირის ბოლოს, შაბათ ღამით და კვირას განთავისუფლების ბრძანებების კონვეიერული წესით გამოცემა. არაადამიანური - არის ალბათ ერთი სიტყვა, რომელიც ყველაზე კარგად ახასიათებს ამ ყველაფერს.
და ბოლოს, მეამაყება, რომ ეს პროცესი მეც სრულად შემეხო. დიპლომატიურ სამსახურში გატარებული 24 წლის თავზე, პირველ ივლისს ისე გამათავისუფლეს რომ თავიც კი არავინ შეიწუხა ფორმალურად მაინც ორიოდე სიტყვა ეთქვა, რამე განემარტა. საქმის გადაბარების არავითარი პროცესი არავის არ წამოუწყია, დეპარტამენტი სრული შემადგენლობით ისე გამოგვიშვეს, რომ არავის უკითხავს - რამე გასაკეთებელი ხომ არ რჩებაო? კიდევ ერთი პირად თემაზე - იმავე კვირის ბოლოს, 5 ივლისს ჩემს ცოლს მოუვიდა ბრძანება პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის აპარატიდან განთავისუფლების შესახებ“,- წერს თორნიკე ფარულავა.