აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინს უკრაინაში არა ცეცხლის შეწყვეტა, არამედ ხალხის დახოცვის გაგრძელება სურს.
ამის შესახებ ტრამპმა Air Force One-ს ბორტზე ჟურნალისტებს განუცხადა.
ვოლოდიმირ ზელენსკისთან წინა დღეს გამართული საუბრის შესახებ ლაპარაკისას, ტრამპმა გაიხსენა, თუ როგორ ესაუბრა მანამდე კრემლის მეთაურს.
„მე უკვე გითხარით, რომ პუტინთან საუბრით ძალიან უკმაყოფილო ვიყავი. როგორც ჩანს, მას ბოლომდე წასვლა და ადამიანების მკვლელობის გაგრძელება სურს. ეს კარგი არ არის. ცუდია. კმაყოფილი არ ვიყავი“, - თქვა მან.
ამავდროულად, აშშ-ის პრეზიდენტი არ მიიჩნევს, რომ პუტინი მას „დასცინის“ ცეცხლის შეწყვეტაზე უარის თქმით.
„ვფიქრობ, ის ძალიან შეშფოთებულია სანქციების გამო. სენატი, როგორც იცით, სანქციებს ამზადებს, მასშტაბურ სანქციებს. ჩვენ სანქციებზე ძალიან ბევრი ვისაუბრეთ. მე ვიტყოდი, პუტინი ამით აღფრთოვანებული არ არის, მაგრამ როგორც იცით, ის უმკლავდებოდა სანქციებს, თუმცა ახალი სანქციები საკმაოდ მტკივნეულია. ჩვენ სანქციებზე ძალიან ბევრს ვსაუბრობთ და ის ხვდება, რომ შესაძლოა, ახალი სანქციები დაწესდეს. და იცით, ის პროფესიონალია“, – განაცხადა ტრამპმა.