ამერიკული სამხედრო მარაგების შემოწმებამ, რამაც აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მიერ უკრაინისთვის შეიარაღის ნაწილის მიწოდების შეჩერება გამოიწვია, კრიტიკული დეფიციტი არ გამოუვლენია.
ამის შესახებ ამერიკული ტელეარხი NBC News წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება.
NBC სამი კონგრესმების თანაშემწეებზე დაყრდნობით იუწყება, რომ კიევისთვის სამხედრო დახმარების ნაწილის მიწოდების შეჩერება აშშ-ის თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეთისა და მისი მოადგილის, ელბრიჯ კოლბის ცალმხრივი გადაწყვეტილება იყო, რომლებიც დიდი ხანია და რეგულარულად უჭერენ მხარს რუსეთ-უკრაინის ომში აშშ-ის მონაწილეობის შემცირებას და რესურსების წყნარი ოკეანის რეგიონში ჩინეთის შეკავებისკენ გადამისამართებას.
„ეს იყო მესამე შემთხვევა, როდესაც ჰეგსეთმა საკუთარი ინიციატივით შეწყვიტა უკრაინისთვის დახმარების მიწოდება. წინა ორ შემთხვევაში, თებერვალსა და მაისში, მისი ქმედებები რამდენიმე დღის შემდეგ გაუქმდა“, - იტყობინება ტელეარხი.
NBC News-ის წყაროების ცნობით, ზოგიერთი ზუსტი მართვადი საბრძოლო მასალის დონე შემცირდა, მაგრამ მინიმალურო დასაშვები ზღვარისთვის არ მიუღწევია.
გაერთიანებული შტაბების დასკვნის თანახმად, უკრაინისთვის დახმარების გაგრძელება არანაირად არ უთხრის ძირს თავად შეერთებული შტატების საბრძოლო მზადყოფნას.
CBS News -ის ცნობით, ვაშინგტონმა იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდება არა მხოლოდ უკრაინისთვის შეაჩერა, ეს გადაწყვეტილება უფრო ფართომასშტაბიანი შემოწმების ნაწილი გახდა, რომელსაც პენტაგონი ატარებს ყველა იმ ქვეყანასთან მიმართებით, რომლებიც იარაღს იღებს შეერთებული შტატებიდან, იტყობინება ამერიკული პორტალი 2 ივლისს, თეთრი სახლის წყაროზე დაყრდნობით.
ტელეარხის წყაროს ცნობით, გამოძიება ჰეგსეთმა რამდენიმე კვირის წინ, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრძანებით დაიწყო.
წყაროს თქმით, მიზანია იმში დარწმუნება, რომ წინა ადმინისტრაციის დროს თავდაცვის დეპარტამენტი „პრიორიტეტს ამერიკის ინტერესების შესაბამისად აყენებდა“.