ჩემთვის მკვლელები ხართ! პირობას გაძლევთ, რომ მოსამართლიდან დაწყებული, ის ბიჭი თქვენ გვერდით რომ ზის [სხდომის მდივანი] პასუხს აგებს,- ამის შესახებ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულმა ონისე ცხადაძემ, სასამართლოში სიტყვის წარმოთქმის დროს განაცხადა.
ცხადაძის თქმით, მის მშობელს გული აქამდე არასოდეს აწუხებდა და არც ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონია.
"გულწრფელად, ირონიისგან დაცლილად, მინდა ვკითხო პროკურორებს, მე თუ მომიკლავს ვინმე? ვის რა ჯანდაბად სჭირდება [თქვენი სამძიმარი]. რა ასაკშიც მამაჩემი გრდაიცვალა, მის სისხლში არავინ გარდაცვლილა.
მამაჩემს არაფერი დაუშავებია, არც გული აწუხებდა.
ეს დღეებია სულ ვფიქრობ სამაგიერო როგორ გადაგიხადოთ. ჩემთვის მკვლელები ხართ, არ ვაპირებ ადამიანურად არ გაპატიოთ, მაგრამ მე თქვენ პორობას გაძლევთ, მოვა დრო სამართლებრივად ყველას მოგეთხოვებათ, აი იმ ბიჭსაც იქ რომ ზის და გონია რომ არაფერი მოეთხოვება.
მამაჩემის მკვლელობაში თქვენ ხართ დამნაშაავები.
თუ გინდათ, მოგიყვეთ, როგორ მოკვდა მამაჩემი, ციხეში ვიგებ, რომ ჭიშკართან პოულობენ მამაჩემს მკვდარს. რომელიმეს არ გაინტერესებთ ეს? ბავშვობაში რაღაც რომ დაგვიშავებია ელემენტარული რაღაც, რომელიც შეიძლება არ ახსოვდეს არავის, დღეს რომ ვფიქრობ, არ ვიცი, იმასაც კი ვნანაობ. თქვენ არ გაგაჩნიათ რამე ესეთი გრძნობა?
ხალხს მინდა, რომ მადლობა გადავუხადო. მე ჩემი თვალით არ მინახავს, მაგრამ მითხრეს და რომც არ ეთქვათ, ვგრძნობ და ძაან მიხარია, რომ თქვენნაირი ადამიანები ამ ქვეყანაში ბევრი არიან. ისიც მიხარია, რომ მე ვიცხოვრე ისე, რომ დავიმსახურე ეს ყველაფერი.
ეს რაც მოხდა, ჩემი პირადი ტრაგედიაა და ადრე თუ გვიან ეს ჩემი და ჩემი ოჯახის სატარებელი იქნება, მეტის არავის.
მე უარესსაც ველოდები, ხვალ შეიძლება მე არ ვიყო. ასეთი ბრძოლაა, რა უჭირს, მე რომ ხვალ არ ვიყო და ქვეყანა გადარჩეს, ოღონდ ეგ მოხდეს და მეტი არაფერი მაინტერესებს. ამათ ვერ გააგებინებ ამას, ვალდებულებები აქვთ და ამას აკეთებენ.
ასეთი ბრძოლაა, კაციჭამიებთან ბრძოლა, ოღონდ ქვეყანა გადარჩეს, ოღონდ ეს მოხდეს და მეტი არაფერი მაინტერესებს... ამათმა[პროკურორები - რ.თ.] ეს რა იციან." - თქვა ონისე ცხადაძემ.
ამის შემდეგ მოსამართე გალუსტაშვილმა ონისე ცხადაძეს კორექტულობისკენ მოუწოდა.
„მამათქვენი როგორ არის? ცოცხალი გყავთ?“,- მიმართა ონისე ცხადაძემ მოსამართლეს.
„მე ვიცი, რომ ეს ისე დასრულდება, როგორც ჩვენ გვინდა, მაგრამ ქვეყანა მეცოდება, საიდან იქნება ამოსათრევი, არავინ არ ფიქრობს. სიკვდილის შიში დიდი ხანია დამარცხებული მაქვს და კიდევ ერთი მიზეზი მაქვს, რომ სიკვდილის არ შემეშინდეს, ამის გამო თავს ვერ დავხრი და ვერავის შევეხვეწები გამიშვით-მეთქი, ჩემზე ნუ იდარდებთ, ქვეყანას მივხედოთ, იმაზე იდარდეთ, რა ქვეყანაც გვაქვს",- განაცხადა ონისე ცხადაძემ.
ონისე ცხადაძეს მამა 26 ივნისს გარდაეცვალა. პატიმარს პროკურატყურამ და სასჯელაღსრულების დაწესებულებამ დართო ნება, რომ 30 ივნისს, მამის დაკრძალვას დასწრებოდა.
პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმე ერთ წარმოებად გაერთიანდა.
დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კიკნაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.