უკრაინის გზა ნატო-ში წევრობისკენ შეუქცევადია. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმა კიევში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას განაცხადა.
„ნატო-ს სამიტზე, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დროს, მე ხაზგასმით აღვნიშნე, რომ უკრაინა ნატო-სკენ შეუქცევად გზაზეა და გერმანია ადასტურებს ამ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ვადეფულმა.
ასევე, მისი თქმით, ეს ეხება უკრაინის მისწრაფებებს, დაუახლოვდეს ევროკავშირს.
„ვიმედოვნებთ, რომ დანიის თავმჯდომარეობის დროს [2025 წლის მეორე ნახევარში] [ევროკავშირში გაწევრიანებასთან] დაკავშირებული პირველი მოლაპარაკებების კლასტერი გაიხსნება“, - განაცხადა მინისტრმა.
მან დასძინა, რომ გერმანია ოპტიმისტურად არის განწყობილი.
„ზოგჯერ გვეჩვენება, რომ მცირე იმედი ჩანს. ისევე, როგორც ეს გერმანიის გაერთიანების დროს იყო. მაგრამ ამდენი წელი გერმანია გაერთიანებულია. ჩემი ოჯახი გერმანიის დემოკრატიულ რესოუბლიკაში ცხოვრობდა და ვერ იჯერებდნენ, რა შეიძლებოდა მომხდარიყო გერმანიის გაერთიანებამდე ერთი კვირით ადრეც კი. ანუ, თუ ჩვენ თავისუფლებას დავიცავთ, მაშინ ბევრი რამ არის შესაძლებელი“, - ხაზგასმით აღნიშნა ვადეფულმა.
თავის მხრივ, ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა მინისტრს იმ სიგნალისთვის, „რომელიც გერმანიის მხრიდან ასე ძლიერად დიდი ხანია ან შესაძლოა არასდროს გაჟღერებულა“.
„ნატო-ს სამიტის დროს, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრებისა და უკრაინელი მინისტრის დონეზე გამართულ შეხვედრაზე, გერმანულმა მხარემ განაცხადა, რომ მიაჩნია, რომ უკრაინა ალიანსში უნდა იყოს და ეს მთელი ევროპის ინტერესებშია. ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ მხარდაჭერის შესაბამისი სიგნალებით“, - აღნიშნა ზელენსკიმ.