აშშ-ის დარტყმების შემდეგ ირანს ბირთვული პროგრამის განახლებისთვის წლები დასჭირდება. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„25 წელია, როგორც მოქალაქე, ვამბობ, რომ მათ [ირანს] არ უნდა მიეცეთ ბირთვული იარაღის მიღების უფლება - და სწორედ ეს მოხდა. ისინი განადგურდნენ. წლები გავა, ვიდრე ისინი [ბირთვული პროგრამის] ხელახლა დაწყებას შეძლებენ“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.
მისივე თქმით, ირანს ობიექტებიდან ბირთვული მასალები არ გაუტანია რადგან ამის გაკეთებას შეუმჩნევლად ვერ შეძლებდა.
„ობიექტებიდან არაფერი გადატანილა. ეს ძალიან საშიშია, ის ძალიან, ძალიან მძიმეა“, - თქვა ტრამპმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მასალების გასატანად სპეციალური ტრანსპორტი იქნებოდა საჭირო და ასეთი ქმედებები შესამჩნევი იქნებოდა.