ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან არის უსამართლო მიდგომა, თუმცა ჩვენ ბუნებრივია, მზაობის რეჟიმში ვრჩებით - თუ იქნება სამართლიანი და ჯანსაღი მიდგომა, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ევროინტეგრაციას წინ ვერაფერი დაუდგება. ვართ მშვიდად, მოლოდინის რეჟიმში, პრაგმატულად ვაგრძელებთ მუშაობას ამ მიმართულებით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე საუბრის დროს განაცხადა.
კობახიძე იმედს გამოთქვამს, რომ „ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან ჯანსაღი და სამართლიანი ნაბიჯები გადაიდგმება“.
„რაც შეეხება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს - მოგეხსენებათ, აქ ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევები გვაქვს. ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან არის უსამართლო მიდგომა, თუმცა ჩვენ ბუნებრივია, მზაობის რეჟიმში ვრჩებით. ჩვენ მზად ვართ გადავდგათ ყველა ნაბიჯი იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციას ხელი შევუწყოთ. გვაქვს გაცხადებული მიზანი - 2030 წელს გავხდეთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი ქვეყანა. ამისთვის 2030 წლისთვის ქვეყანა მზად იქნება თავიდან ბოლომდე. თუ იქნება სამართლიანი და ჯანსაღი მიდგომა, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ევროინტეგრაციას წინ ვერაფერი დაუდგება. ვართ მშვიდად, მოლოდინის რეჟიმში, პრაგმატულად ვაგრძელებთ მუშაობას ამ მიმართულებით. იმედია, რომ ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან აქაც ჯანსაღი და სამართლიანი ნაბიჯები გადაიდგმება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
გარდა ამისა, კობახიძემ ისაუბრა ჩინეთთან ურთიერთობებზე და აღნიშნა, რომ ქვეყნისთვის და ხელისუფლებისთვის ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.
„რაც შეეხება ჩინეთთან ურთიერთობას - არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი ჩვენი ქვეყნისთვის და ხელისუფლებისთვის. ჩვენი ამოცანაა პოლიტიკური და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების მაქსიმალურად გაღრმავება. ჩინეთთან ჩვენ შარშანწინ მოვაწერეთ ხელი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს შეთანხმება კონკრეტულ შედეგებში აისახოს მომავალშიც. ამაზე აქტიური მუშაობა მომავალშიც გაგრძელდება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.