ჩემი ახლო მეგობარი და თანამებრძოლი, გივი თარგამაძე არის მთელი პოსტ-საბჭოთა სივრცისთვის მნიშვნელოვანი ფიგურა,- ასე ეხმიანება საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გივი თარგამაძის დაკავებას.
"2004 წლის უკრაინული მაიდნისა და ყირგიზეთის 2005 წლის აქტიური მონაწილე, ჰააგის სასამართლოს მთავარი მოწმე, ვისი ჩვენების საფუძველზეც რუსი სამხედროების დაპატიმრების ორდერი გასცეს. გარდა ამისა, რაც უფრო მნიშვნელოვანია, ის არის უკეთილშობილესი ადამიანი და დიდი პატრიოტი.
მისი დაპატიმრება პირდაპირ მოსკოვის ბრძანებით ხდება. ჩემ გარდა საჯაროდ პუტინი მხოლოდ გივის დაესხა თავს და ახლა უსრულებს ქართველი მანქურთების ხელით", - წერს Facebook-ზე საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გივი თარგამაძე დღეს დააკავეს. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ამასთან, მას 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება აეკრძალა.
გივი თარგამაძე ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში საკუთარი ფეხით მას შემდეგ მივიდა, რაც მის მიმართ თავისუფლების აღკვეთის შესახებ სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო. გივი თარგამაძეს ხელბორკილები პოლიციის შენობის შესასვლელთან დაადეს.
გივი თარგამაძე პარლამენტში, დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტების მიცემისთვის 3 აპრილს დაიბარეს, სადაც ის არ გამოცხადდა, რის შემდეგაც მას ბრალი წაუყენეს, სასამართლომ კი აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა, რაც მან კანონით დადგენილ ვადაში გადაიხადა.
გივი თარგამაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარუდგინეს, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს. აღნიშნული ქმედება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.