ინტერვიუში [„ბათუმელებთან“] პაველ ჰერჩინსკიმ ისაუბრა იმაზე თუ როგორ შეხედავენ ოჯახის წევრები მას, ვისაც ევროკავშირი სანქციებს დაუწესებს - ეს აჩვენებს იმას თუ რამდენად ამოტრიალებული წარმოდგენა აქვს ელჩს ოჯახთან დაკავშირებით - ღმერთმა შეარგოს ის ხაჭაპური, რომელიც მისი განცხადებით, მას უფასოდ მისცეს, მაგრამ საქართველო ცოტა მეტია, ვიდრე ხაჭაპური და ხინკალი, ეს ყველამ უნდა გაარკვიოს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
პაპუაშვილის თქმით, ბოლო პერიოდში, ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებები შემაშფოთებელია.
„ზოგადად, ბოლო პერიოდში, ევროკავშირის ელჩის განცხადებები შემაშფოთებელია. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ მიუხედავად მრავალგზის მოწოდებისა, ის არც ერთხელ არ გაემიჯნა მის მიერ დაფინანსებული ადამიანების მხრიდან მომდინარე სიძულვილის კამპანიას, ძალადობას და პროპაგანდას. ეს შესაბამისად, ნიშნავს მისი მხრიდან სიძულვილის, ძალადობისა და პროპაგანდის წახალისებას. ამიტომ, ეს რა თქმა უნდა, შემაშფოთებელია. ამ ინტერვიუში იყო პასაჟები, რომლებიც პირდაპირ ამაზრზენია. ჩვენ ამ ხანგრძლივ ინტერვიუში ერთ-ერთი პასაჟი მოვისმინეთ, რომელიც ევროკავშირის შესაძლო სანქციებს ეხებოდა. მან ისაუბრა თუ როგორ შეხედავენ ოჯახის წევრები მას, ვისაც ევროკავშირი სანქციებს დაუწესებს. ამაზე ამაზრზენი განცხადება მე იშვიათად მომისმენია. ეს აჩვენებს ზუსტად იმ ღირებულებით კრიზისს, რომელიც სამწუხაროდ, ბრიუსელში არსებობს. აჩვენებს იმას თუ რამდენად ამოტრიალებული წარმოდგენა აქვს ბატონ ელჩს ოჯახთან დაკავშირებით. ფიქრობს - შვილი მამას დაუპირისპირდება, მამა შვილს თუ ა.შ. ეს წარმოუდგენია ბატონ ჰერჩისნკის? ამას ჩვენ, სხვათა შორის, გვასწავლიდნენ რამდენიმე ათეული წლის წინ პავლიკ მოროზოვის მაგალითზე. რეალურად, რაზეც საუბრობდა ჰერჩინსკი, რომ თუ კი ევროკავშირის მიერ დასანქცირებულ ადამიანებს მისი ოჯახის წევრიც კი ცერად შეიძლება შეხედოს, ეს არის ზუსტად პავლიკ მოროზოვის მორალის დანერგვის მცდელობა ჩვენს საზოგადოებაში. ეს აჩვენებს თუ რამდენად აცდენილია ევროპულ გაგებას, ზოგადად, ის კომენტარები, რომლებსაც ჩვენ ამასთან დაკავშირებით ვისმენთ. ეს აჩვენებს იმას, რომ ის რამდენიმე წელია საქართველოშია და არ იცნობს ის საქართველოს. ღმერთმა შეარგოს ის ხაჭაპური, რომელიც მისი განცხადებით, მას უფასოდ მისცეს, მაგრამ საქართველო ცოტა მეტია, ვიდრე ხაჭაპური და ხინკალი. ეს უნდა გაარკვიოს ყველამ.
სინამდვილეში მას წამოსცდა, რომ სანქციები - ეს კი არ არის რაღაც სამართლებრივი ინსტრუმენტი, ეს თურმე ყოფილა სტიგმატიზების ინსტრუმენტი, რომ ადამიანებს მიაკრან იარლიყი. შემდეგ მისი ოჯახის წევრის თვალშიც კი უნდა იყოს სტიგმატიზება. ეს სტიგმატიზებები ჩვენ ნანახი გვაქვს“,- განაცხადა პაპუაშვილმა.