უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Telegram-არხზე გამოაქვეყნა 10 ივნისის ღამეს უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შედეგების დრამატული ფოტოები და მოუწოდა შეერთებულ შტატებსა და ევროპას, მშვიდობის დამყარების მიზნით, რუსეთზე „მკაცრი ზეწოლა“ განახორციელონ.
„რუსეთის სარაკეტო დარტყმები უფრო ხმამაღალია, ვიდრე შეერთებული შტატების და მსოფლიოს სხვა ქვეყნების მცდელობები, რუსეთს მშვიდობის დამყარება აიძულონ.უკვე რამდენიმე ღამეა, ცეცხლის შეწყვეტის ნაცვლად, მასშტაბური დარტყმები ხორციელდება „შაჰედებით“, ფრთოსანი რაკეტებითა და ბალისტიკით. დღეს კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური დარტყმა განხორციელდა. სამიზნეები ასევე იყო ოდესის, დნიპროპეტროვსკის და ჩერნიჰივის ოლქები“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ იმ ღამით განხორციელებული თავდასხმის დროს რუსებმა გამოიყენეს 315 დრონი, რომელთაგან 250 „შაჰედი“ იყო და 7 რაკეტა, მათ შორის 2 ჩრდილოეთ კორეის წარმოების ბალისტიკური რაკეტა. დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და ქალაქის ინფრასტრუქტურა, რუსეთის სამიზნე ოდესის სამშობიარო სახლიც კი გახდა. 13 ადამიანი დაშავდა, არიან გარდაცვლილები.
„მნიშვნელოვანია, რომ ამ და სხვა მსგავს რუსულ თავდასხმებზე პასუხი არ იყოს მსოფლიოს დუმილი, არამედ კონკრეტული ქმედებები. ამერიკის ქმედებები, რომელსაც აქვს ძალა, აიძულოს რუსეთი დაამყაროს მშვიდობა. ევროპის ქმედებები, რომელსაც სიძლიერის გარდა ალტერნატივა არ აქვს. მსოფლიოში იმ ადამიანების ქმედებები, რომლებიც დიპლომატიისა და ომის დასრულებისკენ მოუწოდებდნენ და რომლებსაც რუსეთი უგულებელყოფდა. მშვიდობისთვის მკაცრი ზეწოლა გვჭირდება“, - წერს უკრაინის პრეზიდენტი.