აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უარყო მის მიმართ კალიფორნიის გუბერნატორის, გევინ ნიუსომის ბრალდებები აშშ-ში სამოქალაქო ომის პროვოცირების შესახებ.
„პირიქით, მე სამოქალაქო ომი არ მინდა. სამოქალაქო ომი დაიწყება, თუ ყველაფერი მისნაირი ადამიანების ხელში დარჩება. და მე ის მომწონს, ყოველთვის კარგად ვუგებდი ერთმანეთს, არასდროს გვქონია პრობლემები. მაგრამ ის სრულიად არაკომპეტენტურია“, - განუცხადა ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს, ნიუსომის განცხადებების კომენტირებისას.
ამავდროულად, ამერიკის პრეზიდენტმა ასევე გამოთქვა მოსაზრება, რომ აშშ-ის ფედერალურ მთავრობას კალიფორნიაში არეულობის ჩასახშობად ეროვნული გვარდიის დანაყოფების ჩართვის გარდა სხვა გზა არ ჰქონდა.
„ვფიქრობ, რომ არჩევანი არ გვქონდა“, - თქვა ტრამპმა.
მან განმარტა, რომ არ სურდა ლოს-ანჯელესის ქუჩებში ხანძრების, ძარცვის და მსგავსი რამის ნახვა. პრეზიდენტმა არ დააკონკრეტა, განალაგებს თუ არა კალიფორნიაში აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის ჯარებს.
„ვნახოთ, რა მოხდება“, - თქვა ტრამპმა ამ თემაზე დასმული შეკითხვის პასუხად.
მანამდე კალიფორნიის გუბერნატორმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი თავისი ქმედებებით ლოს ანჯელესში მომხდარი არეულობების პასუხად სამოქალაქო ომის პროვოცირებას ახდენდა.
ლოს ანჯელესში აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურის (ICE) მიერ ჩატარებული რეიდების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ლოსანჯელესში ეროვნული გვარდიის 2 000 ჯარისკაცის გაგზავნის ბრძანება გასცა.
კალიფორნიის გუბერნატორი, გევინ ნიუსომი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას უკანონოდ მიიჩნევს და ამ ბრძანების გაუქმებას ითხოვს. მისი თქმით, ტრამპის ქმედებები დიქტატორის ქმედებებია და არა პრეზიდენტის.
პოლიციის ცნობით, კვირას საპროტეტსო აქციებზე ლოს ანჯელესში 27 ადამიანი, ხოლო სან-ფრანცისკოში 60 ადამიანი დააკავეს.
გუბერნატორმა ლოს ანჯელესში საპროტესტო აქციების ჩასახშობად ეროვნული გვარდიის გაგზავნის გადაწყვეტილებას „ამორალური“ და „არაკონსტიტუციური“ უწოდა.
დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ის სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელი რომ ყოფილიყო, კალიფორნიის შტატის გუბერნატორ გევინ ნიუსომს დააპატიმრებდა.
გევინ ნიუსომმა ამასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის მოწოდება მისი დაპატიმრების შესახებ ავტორიტარიზმისკენ გადადგმული ნაბიჯია.