მეორედ ბოდიშის მოხდა არ ყოფილა მორალური, თუ პრინციპული კომპრომისი, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში კოტე იოსელიანი წერს.
მისი თქმით, რუსული, მდაბიო, მოღალატეობრივი და ანტი-ქართული რეჟიმი უნდა განადგურდეს.
"რაზეც ერთხელ უკვე მოხდილი მქონდა ბოდიში სამართლიანად, იმაზე მეორედ ბოდიშის მოხდა არ ყოფილა არანაირი მორალური, თუ პრინციპული კომპრომისი, რაც მითუმეტეს რომ განსაზღვრავდა ჩემი შვილების უსაფრთხოებას.
რუსული, მდაბიო, მოღალატეობრივი და ანტი-ქართული რეჟიმი უნდა განადგურდეს და ამაში ისევ იქ ვდგავარ, სადაც ყოველთვის ვიდექი!", - წერს იოსელიანი.
8 ივნისს კოტე იოსელიანმა სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შვილს, უტა ივანიშვილს ბოდიშს უხდის. დღეს, მისმა მეუღლემ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ დღეს ბრიფინგზე განაცხადა, რომ მისმა მეუღლემ, კოტე იოსელიანმა უტა ივანიშვილს ბოდიში მას შემდეგ მოუხადა, რაც გაიტაცეს და მასზე ზეწოლა განახორციელეს.