ვის რაში სჭირდება ან ბოკუჩავა ან მისი მეუღლე? გარკვეული მცდელობაა, ისევ რაღაც დაძაბულობა შემოიტანონ წინასაარჩევნოდ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
„მგონია, რომ ეს გარკვეული მცდელობაა, ისევ რაღაც დაძაბულობა შემოიტანონ წინასაარჩევნოდ. „ნაციონალური მოძრაობა“ აღარავის ახსოვს, დანარჩენმა ლუზერებმა ითავეს ლიდერობა და ახლა ახალი თემა გამოაგორეს. ვის რაში სჭირდება ან ბოკუჩავა ან მისი მეუღლე? – ახლა რა სიგიჟეა, ეს. თუ რაიმე თემაა, აგერ არის პროკურატურა და საგამოძიებო ნაწილი. თავად მეუღლემ თქვას, რა და როგორ იყო. მისასალმებელია, რომ აღიარა და ბოდიში მოიხადა. ყველას ვურჩევდი, მათ შორის ჩემზეც ათასი სიგიჟე გაავრცელეს, კარგი იქნება, ერთხელ დაფიქრდნენ თავიანთ ნათქვამზე, იქნებ, ამით ვიღაცას გულს სტკენენ. ჩემთვის ნაკლებად საინტერესოა, რას იტყვიან, რადგან ჩემთვის ყველანი არიან დაქირავებული გარკვეული ჯგუფების მიერ, რათა ქაოსი და არეულობა შემოიტანონ საზოგადოებაში, მაგრამ არიან მეგობრები, ახლობლები, ოჯახის წევრები, რომელთაც იქნებ, გულს ტკენენ ამ დაუსაბუთებელი, უარგუმენტო ბრალდებებით. ამ ბიჭმა თუ ბოდიში მოიხადა, მისასალმებელია, მისი მხრიდან სწორია და კარგი საქციელია. დანარჩენს პროკურატურა გამოიძიებს. შეიძლება, შეცდომა რომ დაუშვა და კიდევ ერთხელ ვიღაცამ არ შეახსენოს, ადგა და თქვა ბოდიში, მაგრამ ახლა სპექტაკლი დადგეს, რომ მისმა მეუღლემ ეს „გააპრავოს“, – განაცხადა ზარქუამ.
შეგახსენებთ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ დღეს ბრიფინგზე განაცხადა, რომ მისმა მეუღლემ, კოტე იოსელიანმა უტა ივანიშვილს ბოდიში მას შემდეგ მოუხადა, რაც გაიტაცეს და მასზე ზეწოლა განახორციელეს. 8 ივნისს კოტე იოსელიანმა სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შვილს, უტა ივანიშვილს ბოდიშს უხდის.