შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველების ხელმძღვანელობით, ეროვნული გვარდიის 40 რეზერვისტისთვის, საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მიმართულებით, თეორიული და პრაქტიკული გადამზადების კურსი ჩატარდა.
ტრენინგის თეორიული ნაწილის ფარგლებში, რეზერვისტებს მიეწოდათ ამომწურავი ინფორმაცია სხვადასხვა საგანგებო სიტუაციის დროს ქცევის წესების შესახებ. პრაქტიკულ ნაწილში კი, მსმენელებმა სახანძრო-სამაშველო აღჭურვილობის გამოყენებით ხანძრის ქრობაზე რეაგირების მოქმედებები შეისწავლეს.
გადამზადების კურსი ეროვნული გვარდიის მე-20 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის სასწავლო ცენტრ „პალდოში“ გაიმართა.
აღნიშნული სწავლება სისტემატურია და მიზნად ისახავს უწყებათშორისი თანამშრომლობის გაძლიერებასა და კოორდინირებული ქმედებების გაუმჯობესებას, ასევე, სტიქიური უბედურებებისა და კატასტროფების დროს რეაგირების უნარების განვითარებას.