აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ოთხშაბათს კრემლის მეთაურთან, ვლადიმირ პუტინთან საუბრის დეტალებზე ილაპარაკა.
რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესაძლებლობაზე საუბრისას, ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ „ძალიან, ძალიან მკაცრი იქნება“, თუ დაინახავენ, რომ შეთანხმების მიღწევა შეუძლებელია.
„და გულწრფელად რომ ვთქვა, ეს ორივე ქვეყანას ეხება. იცით, ტანგოს ორი ადამიანი სჭერდება“, - დასძინა მან.
ტრამპმა გაიხსენა პუტინთან გუშინდელი საუბარი, რომლის დროსაც მან ანალოგია მოიყვანა რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრასთან:
„ხანდახან ხედავთ ორ პატარა ბავშვს, რომლებიც გიჟებივით ჩხუბობენ.
მათ ერთმანეთს სძულთ და პარკში ჩხუბობენ, შენ კი ცდილობ მათ გაშველებას. მათ არ სურთ, რომ გააშველონ. ზოგჯერ უმჯობესია, მათ ცოტა ხნით ბრძოლის საშუალება მივცეთ და შემდეგ დავაშოროთ“, - აღნიშნა ამერიკის პრეზიდენტმა.
მისი აზრით, „ეს საკმაოდ ცნობილი ანალოგიაა“, რომელიც გამოიყენება „ჰოკეიში და სპორტში“.
ამასთან, ტრამპმა განაცხადა, რომ მას სურდა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის „დაუყოვნებელი“ მოგვარება, როგორც ეს ინდოეთსა და პაკისტანს შორის კონფლიქტის შემთხვევაში მოხდა.
„მინდა, იგივე გავაკეთოთ უკრაინასთან და რუსეთთან. და რაღაც მომენტში ეს მოხდება. მე მჯერა ამის.
„და თუ ეს არ მოხდება, ან თუ დავინახავ, რომ ვინმე გადავა ზღვარს, თუ რუსეთი გადავა ზღვარს, გაკვირვებული დარჩებით, რამდენად მკაცრები ვიქნებით“, - თქვა ტრამპმა.